შალვა ნათელაშვილი ინიციატივით გამოდის, ამიერკავკასიის უსაფრთხოების საბჭო შეიქმნას
„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი მთიან ყარაბაღში შექმნილ ვითარებას ეხმაურება. მისი თქმით, მხარეებმა უნდა შეწყვიტონ საომარი მოქმედებები და დაიწყონ მოლაპარაკებები, ვინაიდან რეგიონში არასტაბილურობა გარკვეული ქვეყნების ინტერესებში შედის.
შალვა ნათელაშვილი, ასევე გამოდის ინიციატივით, რომ შეიქმნას ამიერკავკასიის უსაფრთხოების საბჭო. პარტიის ლიდერის განმარტებით, საბჭოში საქართველო აზერბაიჯანი და სომხეთი ყველა კონფლიქტსა და საკითხზე იმსჯელებენ შუამავლების გარეშე.
„ჩვენს საზღვრებთან სულ ახლოს განახლდა სომხეთ-აზერბაიჯანის ფართო მასშტაბიანი ომი ყარაბაღში. მოვუწოდებ, სომხეთისა და აზერბაიჯანის მთავრობებს, შეწყვიტეთ სისხლისღვრა, ნუ შეიწირავთ ახალგაზრდებს მამათა ცოდვების, თუ დანაშაულებების გამო, მიუსხედით მოლაპარაკებების მაგიდას. მოვუწოდებ, ამიერკავკასიის სამივე ქვეყნის ხელისუფლებებს, შევქმნათ ამიერიერკავკასიის უსაფრთხოების საბჭო შტაბბინით თბილისში და ყველა სადაო საკითხი, ყველა კონფლიქტი გადავწყვიტოთ იქ, ყოველგვარი შუამავლების გარეშე. გავიგოთ ერთხელ და სამუდამოდ, რომ არც ერთ რეგიონალურ მეზობელ იმპერიას არ აწყობს დამოუკიდებელი, წელში გამართული საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი. მივხედოთ ჩვენს თავს თვითონ და მივხედოთ მთელს კავკასიას. აგრეთვე, კარგი იქნება, ამიერკავკასიის უსაფრთხოების კავშირში მოვიწვიოთ ევროპის კავშირი, რომელიც გვიდგას გვერდში და, რომელიც დაინტერესებულია ჩვენს რეგიონში მშვიდობითა და უშიშროებით. ომით, როგორც მსოფლიო ისტორიამ აჩვენა, არც ერთი საკითხი არ წყდება, პირიქით მწვავდება, ახალგაზრდები გვეხოცებიან და იღებს ახალი კასკადური დაპირისპირება საფუძველს. სისხლი სისხლისგან იბადება, თუ რძით არ დაიბანაო, ჩვენს ბრძენ წინაპრებს აქვთ ნათქვამი და ამ პრინციპებით უნდა ვიმოქმედოთ დაუყონებლივ. ერთი წუთიც კი კონფლიქტისა ერთი წაღებული უდანაშაულო სიცოცხლეა. თურქეთი და რუსეთი დაინტერესებულები არიან ამ კონფლიქტების უსასრულობით კავკასიაში, რადგან მინიმუმ მარეგულირებლის, შუამავლის როლი აქვთ, რაც ემსახურება მათ პოლიტიკური, დემოგრაფიული, ეკონომიკურ ინტერესების გააქტიურებასა და გაძლიერებას“, – განაცხადა ნათელაშვილმა.