შალვა ნათელაშვილი - გერმანიის ელჩის მიმართ განცხადებებზე ჩვენ ვაგებთ პასუხს და ზოგიერთებს ვთხოვ, კოლეგა პარტიებს ზედმეტი კითხვებით ნუ აწუხებთ
გერმანიის ელჩის არადიპლომატიურ განცხადებებს მოჰყვა ჩვენი პარტიისგან და პირადად ჩემგან სავსებით ობიექტური და ლოგიკური შეფასება, – ასე გამოეხმაურა „ლეიბორისტული“ პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი ევროკავშირის მიერ საქართველოში გერმანიის ელჩის, ჰუბერტ ქნირშის შესახებ ბოლო პერიოდში გაკეთებულ საჯარო კომენტარებთან დაკავშირებით განცხადებას.
როგორც შალვა ნათელაშვილმა აღნიშნა, გერმანიის ელჩმა რამდენიმე არადიპლომატიური და არაეთიკური შეცდომა დაუშვა.
„გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა, რომელიც მანამდე მუშაობდა მოსკოვში და წარმოადგენს პრეზიდენტ პუტინის მარჯვენა ხელს ნავთობის ბიზნესში, გერჰარდ შროდერის დაჯგუფებას, ჯერ ადრე შეირცხვინა თავი, როდესაც განაცხადა, რომ ჩვენი ბრალი იყო 2008 წელს ომის დაწყება და ჩვენ შევიჭერით ცხინვალში. მერე დაუშვა მეორე დიდი, არადიპლომატიური და არაეთიკური შეცდომა, როდესაც 20 ივნისს ბავშვებისთვის თვალების დათხრა გაამართლა და შეაფასა, როგორც პროპორციული და ადეკვატური რეაქცია ხელისუფლების. მესამედ დაუშვა შეცდომა, როდესაც თქვა, რომ პოლიტპატიმრები საქართველოში არ არსებობდა. რა თქმა უნდა, ასეთ არადიპლომატიურ განცხადებებს მოჰყვა ჩვენგან, ჩვენი პარტიისგან და პირადად ჩემგან სავსებით ობიექტური და ლოგიკური შეფასება იმ ყველაფრისა, რასაც ეს ბატონი წლების განმავლობაში აკეთებს. ამდენად, მითითებულ პოზიციაზე ჩვენ ვაგებთ პასუხს, პირადად თქვენი მონა-მორჩილი და ძალიან ვთხოვ ზოგიერთებს, ნუ აწუხებენ ჩვენს კოლეგა პოლიტიკურ პარტიებს ზედმეტი კითხვებით, ისინი არაფერ შუაში არიან“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
შეგახსენებთ, საქართველოში გერმანიის ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა 26 ივნისს განაცხადა, რომ „გიორგი რურუა არ არის ნახსენები 8 მარტის შეთანხმებაში, ეს არის მკაფიო და ყველას შეუძლია ამის წაკითხვა“.
ელჩის ამ განცხადებას ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან მწვავე შეფასებები მოჰყვა.
ამასთან, 29 ივნისს ევროკავშირმა საქართველოში გერმანიის ელჩის, ჰუბერტ ქნირშის შესახებ ბოლო პერიოდში გაკეთებულ საჯარო კომენტარებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველოში გერმანიის ელჩის წინააღმდეგ გარკვეული პოლიტიკური აქტორებისა და მედიასაშუალებების თავდასხმებს გმობენ.