შალვა ნათელაშვილი - ჩვენთან ბობოქრობს ოლიგარქიული დიქტატურა, აზერბაიჯანში საოჯახო დინასტია, რეჟიმები, რომლებიც ხალხს არაფერს ეკითხებიან
„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე აზერბაიჯანული მხარის მიერ კელიების დასუფთავების სამუშაოები მიმდინარეობს, რაც ტერიტორიის ანექსირებისკენ მიმართული ნაბიჯია.
„სანამ ჩვენი ქვეყანა ჩაძირულია ურთულეს სახელმწიფოებრივ კრიზისში, ოლიგარქმა ალიევის რეჟიმს მილიარდიან გარიგებებსა და ქვემო ქართლის საარჩევნო ხმებში საბოლოოდ გადაუფორმა უდიდესი ქართულ-ქრისტიანული სიწმინდე დავით გარეჯი. დღეს იქ უკვე მთავრდება სრული ანექსია, ასუფთავებენ კელიებს, გაყოფილია ზოლი. რა თქმა უნდა, ეს ორი მოძმე ხალხის ურთიერთობაში ბზარს ვერ შეიტანს, მაგრამ წინასწარ მინდა, განვუცხადოთ ორივე რეჟიმს, ხელისუფლების შეცვლისთანავე, რაც რამდენიმე თვეში მოხდება, ყველა შეთანხება, რაც ამ საკითხზე შეიძლება ყოფილიყო მიღწეული, იქნება გაბათილებული და მომავალში ვერავინ ვერასოდეს ეღირსება თუნდაც ერთი მილიმეტრი მიწის დათმობას, მათ შორის, დავით გარეჯის მონაკვეთზე“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
მისი თქმით, საქართველოსა და აზერბაიჯანის ხელისუფლებებს შორის მსგავსება არსებობს.
„სამწუხაროა, როდესაც მეზობელი რეჟიმი ასე გექცევა. და საერთოდ, კავკასიაში ორი სამარცხვინო რეჟიმია. ქართველ და აზერბაიჯანელ ხალხს ჰქონდა განვითარების საერთო გზები, ერთი მომავალი გვაქვს, მაგრამ ჩვენთან ბობოქრობს ოლიგარქიული დიქტატურა, რეჟიმი, აზერბაიჯანში – საოჯახო დინასტია. რეჟიმები, რომლებიც არც ქართველ, არც აზერბაიჯანელ ხალხს არაფერს ეკითხებიან. პირიქით, ითვისებენ მათ სიმდიდრეს, აყალბებენ არჩევნებს, ახდენენ ძალაუფლების უზურპაციას და ერთმანეთს უდასტურებენ, რომ დემოკრატიული არჩევნები ჩაატარეს. რაც მოხდა ახლა, ალიევის არჩევნები დაგმო მთელმა პროგრესულმა მსოფლიომ. ერთადერთი, ვინც თქვა, რომ ეს იყო დემოკრატიული და წარმატებული, გახლდნენ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებიც იქ დამკვირვებლად ბრძანდებოდნენ მივლინებით, სამარცხვინოდ“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
მისივე თქმით, ილჰამ ალიევის ხელისუფლებას პასუხს თავისივე ხალხი მოსთხოვს.
„როდესაც მეზობელს, რომელიც ოკუპირებულია დიდი იმპერიის მიერ, რომლის მიწებიც ყოველწუთიერად იღობება, ამას გაუკეთებ, არც შენი ხალხი გიყვარს და არც შენი მეზობელი. ამაზე, ივანიშვილის რეჟიმთან ერთად, ალიევის რეჟიმიც აუცილებლად აგებს პასუხს და ამ პასუხს მას მოსთხოვს ჩვენი მოძმე, თავისივე აზერბაიჯანელი ხალხი. წარმოუდგენელი საერთაშორისო სამართლებრივი დარღვევა, გადაცდომა, დანაშაულია, როდესაც არადელიმიტირებულ ზოლზე, რის თაობაზეც მოლაპარაკება არ მიღწეულა, არ მომხდარა სადავო ტერიტორიის გამიჯვნა, შემოგყავს შეიარაღებული ძალები, აყენებ ავტომატიან სპეცრაზმს, აშენებ უზარმაზარ სამხედრო ბაზას. რა მუცლის გვრემა აქვს ალიევს, ჩვენ ვხდებით, მან ვერ დაიბრუნა ყარაბაღი, რასაც მამამისი და თვითონ ჰპირდებოდნენ აზერბაიჯანელ ხალხს და ახლა უნდა, ამ ვერდაბრუნების კომპენსირება გააკეთოს დავით გარეჯის წართმევით. ჩვენ მოგვადგა. წარმოუდგენელი უზნეობაა ამ კუთხითაც. ალბათ იმასაც ვერ გრძნობს, რა საფრთხეს აყალიბებს მომავალი ურთიერთობებისთვის. მაგრამ ჩვენი ხალხები იყვნენ ძმები, დარჩებიან ძმებად. რეჟიმები მიდიან, მოდიან, იცვლებიან“, – აღნიშნა შალვა ნათელაშვილმა.
მისი თქმით, აფგან მუხთარლის შემთხვევა აზერბაიჯანის მხრიდან მეზობელი ქვეყნის შეურაცხყოფაა.
„რა თქმა უნდა, ასევე ვერ დახუჭავ თვალებს ამ ქვეყნის სპეცსამსახურთა აქტიურ მოქმედებებზე საქართველოს მიმართ, რაც იმ დონეზე მივიდა, რომ ქალაქის ცენტრიდან გატაცებულ იქნა ბაქოდან დევნილი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი, გატაცებული იქნა ივანიშვილისა და ალიევის ერთობლივი სპეცოპერაციით. ის კაცი გაასამართლეს და დღესაც უმძიმეს პირობებში იმყოფება. მეტი შეურაცხყოფა მეზობლის რა უნდა იყოს, რომ შემოფარებული კაცი, ანაბარი კაცი, მგელმაც იცის ანაბარიო, ის გაიტაცო და შეურაცხყოფა მიაყენო მეზობლის სახელმწიფოებრიობას, მათ შორის გლობალურ საერთაშორისო არენაზე“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.