შალვა ნათელაშვილი - ჩვენი არც ერთი სტრატეგიული პარტნიორი არ აღიარებს არჩევნების შედეგებს და არ ითანამშრომლებს იმ ხელისუფლებასთან, რომელიც ერთპარტიულად დააკომპლექტებს პარლამენტს
ჩვენი არც ერთი სტრატეგიული პარტნიორი, უპირატესად ამერიკის შეერთებული შტატები, რომლის საგარეო მიმართულებას ხელმძღვანელობს მაიკ პომპეო, არ აღიარებს იმ არჩევნების შედეგებს და არ ითანამშრომლებს იმ ხელისუფლებასთან, რომელიც ერთპარტიული რეჟიმით დააკომპლექტებს პარლამენტს, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს საქართველოში ვიზიტის შესახებ განაცხადა.
„ამ შეშფოთების გამო არის ექსტრემალურ ვითარებაში საქართველოში მაიკ პომპეოს ვიზიტი და კიდევ იმ გეოპოლიტიკური გადაწყობების გამო, რაც მოხდა რეგიონში, როცა პრაქტიკულად, რუსეთი დაბრუნდა კავკასიაში. ერთადერთი საქართველო დარჩა ასათვისებელი და ეს არ უნდა დავუშვათ, ამერიკის მხარდაჭერითაც, მათ შორის, – განაცხადა ნათელაშვილმა.
საქართველოს 17 ნოემბერს ორდღიანი ვიზიტით აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო მდივანი შეხვედრებს გამართავს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან, საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან. მაიკ პომპეო თბილისში, ასევე, შეხვდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს.