შალვა ნათელაშვილი - ამერიკელებთან და ევროპელებთან ერთად დროზე თუ არ მივხედავთ საქართველოს, შეიძლება, ეს ქვეყანა დაიკარგოს ჩვენი მომავლისთვისაც და დასავლეთის სტრატეგიული სივრცისთვისაც
ჩვენ და ამერიკელები, ჩვენ და ევროპელები ერთად თუ დროზე არ მივხედავთ საქართველოს, შეიძლება, ეს ქვეყანა დაიკარგოს ჩვენი მომავლისთვისაც და დასავლეთის სტრატეგიული სივრცისთვისაც, – ამის შესახებ ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტი რეგიონში გეოპოლიტიკურ ცვლილებებს უკავშირდება.
„პომპეოს ჩამოსვლა უკავშირდება გეოპოლიტიკურ ცვლილებებს რეგიონში, რომლის მიხედვითაც, პრაქტიკულად რუსეთმა აღიდგინა წონასწორობა. უკვე ე.წ. მშვიდობისმყოფელები შეიყვანა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე. ამას ემატება გიუმრის სამხედრო ბაზა, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე უკვე ყველაფერი ცნობილია და პლუს შემოვიდა თურქული სამხედრო კომპონენტი კავკასიაში, რაც საუკუნეა არ ყოფილა. დარჩენილია საქართველო, როგორც დასავლეთის პერსპექტიული სტრატეგიული მოკავშირე და თუ დროზე არ მივხედავთ ერთად ამ ქვეყანას, ჩვენ და ამერიკელები და ჩვენ და ევროპელები, შეიძლება ეს ქვეყანა დაიკარგოს ჩვენი მომავლისთვისაც და დასავლეთის სტრატეგიული სივრცისთვისაც. შესაბამისად, პომპეოს ჩამოსვლა დაკავშირებულია ამასთან.
რა თქმა უნდა, მათ ძალიან აღელვებთ პუტინისტური ოლიგარქია საქართველოს ხელისუფლებაში, რომელმაც უკვე მესამედ მიითვისა ძალაუფლება და ახლა არჩევნების გაყალბების გზით უნდა, რომ დარჩეს როგორც კრემლის მეთვალყურე თბილისში. ამდენად პრობლემები საკმაოდ ბევრია და ერთობლივად ჩვენ ამას აუცილებლად გადავწყვეტთ.
რაც შეეხება აქციას, აქციები განსაკუთრებით პოსტსაარჩევნო პერიოდში ბუნებრივი მოვლენაა ისეთი უმაღლესი დემოკრატიისთვისაც, როგორიც ამერიკაშია და თუ არ გჯერათ, შეხედეთ კადრებს, რა აქციები და მიტინგები მიდის ამერიკაში. მით უფრო, ჩვენთან, როდესაც თავზე დაგვამხეს ხალხის ნება მიითვისეს ძალაუფლება, მოისყიდეს ადმინისტრაციული რესურსი და ამაზე ჩვენი ხალხისა და პოლიტიკური პარტიების გაერთიანებული პროტესტი მიიღეს, თავისთავად ცხადია, საჭიროა ხვალინდელი მდუმარე აქცია, რომელიც მხარს უჭერს ამერიკასთან სტრატეგიულ მოკავშირეობას და იმავდროულად მთელ მსოფლიოს უცხადებს, რომ ხელისუფლება უზურპირებულია საქართველოში პუტინისტური ოლიგარქის მიერ, რომლის ეპოქა ერთად უნდა დავამთავროთ“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.