შალვა ხუციშვილი - ორ-სამ წელიწადში საქართველოს სახანძრო დეპოში საბჭოთა წარმოების არც ერთი მანქანა აღარ იქნება
ახალი სახანძრო მანქანებით, მასშტაბურ ტყის ხანძრებთან გამკლავება სწრაფად და ეფექტურად მოხდა, – ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა შალვა ხუციშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ტყის ხანძრებისთვის შეძენილი სპეციალური ტექნიკის მოწოდებაც ეტაპობრივად ხორციელდება და აღნიშნა, რომ ტექნიკა რეგიონებში განაწილდება.
„გვქონდა საკმაოდ მასშტაბური ტყის ხანძრები, რომლებთან გამკლავებაც ახალი სახანძრო მანქანებით სწრაფად და ეფექტურად მოხდა. ეს საშუალებას გვაძლევს, უფრო ეფექტურად და სწრაფად ვიმოქმედოთ ხანძრის შემთხვევაში. წელს საქართველომ შეისყიდა დაახლოებით 13 მილიონის ტექნიკა, რომლის მოწოდებაც ეტაპობრივად ხორციელდება. ეს ტექნიკა განკუთვნილია ტყის ხანძრებთან საბრძოლველად და ამ გამოწვევებმა გვანახა, რომ სწორად მოხდა ტექნიკის შერჩევა. ყველა ეს შესყიდვა გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ბორჯომის ტიპის ხანძარი და მასშტაბური პრობლემები ტყის ხანძრების მიმართულებით არ იქნება. ტექნიკა მთლიანად განაწილდება საქართველოს რეგიონებში, დაახლოებით, 18 მუნიციპალიტეტში, სადაც არის ტყის ხანძრის მაღალი რისკი. შესაბამისად, გაიზრდება ეფექტურობა“, – განაცხადა შალვა ხუციშვილმა.
როგორც შალვა ხუციშვილმა განაცხადა, საქართველოს მთავრობამ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წინადადება მოიწონა, რომელიც 20 ერთეული მაღალი გამავლობის ავტომობილის შეძენას ეხება.
„მთავრობამ მოიწონა ჩვენი წინადადება, რომლის მიხედვით, გამოცხადდება ტენდერი 20 ერთეული მაღალი გამავლობის „პიკაპის“ შესაძენად. ეს „პიკაპები“ განკუთვნილი იქნება სამაშველო ჯგუფებისთვის, რომლებიც ჯერ კიდევ გარკვეულ რეგიონებში იყენებენ საბჭოთა წარმოების ტექნიკას და ამით ჩვენ სამაშველო მიმართულებით წერტილს დავუსვამთ საბჭოთა ტექნიკის გამოყენებას. რაც შეეხება სახანძრო მიმართულებას, შესყიდვები გაგრძელდება. ახლა მიმდინარეობს დაგეგმვის პროცესი. ვაწარმოებთ მოლაპარაკებას რამდენიმე მსხვილ ევროპულ კომპანიასთან და ორ-სამ წელიწადში საქართველოს სახანძრო დეპოში საბჭოთა წარმოების არც ერთი მანქანა აღარ იქნება. ამ სფეროს გასავითარებლად მთავრობის მხარდაჭერა გრძელდება“, – განაცხადა შალვა ხუციშვილმა.