შალვა კერესელიძე - მჯერა, მოხევეები კიდევ ერთხელ მიიღებენ ისეთ ღირსეულ გადაწყვეტილებას, როგორც ყოველთვის მოქმედებდნენ ქვეყნის, ხელისუფლების და ხალხის სასარგებლოდ
შალვა კერესელიძე - მჯერა, მოხევეები კიდევ ერთხელ მიიღებენ ისეთ ღირსეულ გადაწყვეტილებას, როგორც ყოველთვის მოქმედებდნენ ქვეყნის, ხელისუფლების და ხალხის სასარგებლოდ

მჯერა, მოხევეები კიდევ ერთხელ მიიღებენ ისეთ ღირსეულ გადაწყვეტილებას, როგორც ყოველთვის მოქმედებდნენ ქვეყნის, ხელისუფლების და ხალხის სასარგებლოდ. მჯერა, „ქართული ოცნება“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტში ღირსეულად გაიმარჯვებს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ მცხეთის, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა შალვა კერესელიძემ ყაზბეგში განაცხადა.

მისივე თქმით, ხევი ყოველთვის იყო ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე საიმედო კუთხე.

„ხევი, თავისი ისტორიიდან გამომდინარე, ყოველთვის იყო ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე საიმედო, დასაყრდენი კუთხე და მხარე, ამიტომაც იყო რომ ხევი და დარიალის ხეობა ქართული სახელმწიფოებრიობისთვის ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებდა. აქ არის ხალხი შესანიშნავი ბუნებით, შესანიშნავი ტრადიციებით. ჩვენი ქვეყნის ისტორიაში უხვადაა მაგალითები მოხევეების გმირობისა და თავდადებისა ქვეყნის, სამშობლოს წინაშე. არ არსებობს არც ერთი ფურცელი საქართველოს ისტორიაში, სადაც იქნება მოხევეების მხრიდან ღალატი. ისინი ყოველთვის გამოირჩეოდნენ ქვეყნის მიმართ უსაზღვროდ დიდი სიყვარულითა და ერთგულებით. განსაკუთრებული ხალხი ცხოვრობს ხევში, განსაკუთრებული მეგობრობაც იცით და განსაკუთრებული ერთგულებაც, ტრადიციებსაც განსაკუთრებულად იცავთ და ქვეყანასაც“, – განაცხადა შალვა კერესელიძემ.

როგორც მან აღნიშნა, მისი ერთ-ერთი მთავარი მიზანი მაღალმთიანი ხეობების და სოფლების მხარდაჭერა იქნება.

„ამ მხრივ, დამეთანხმებით, ძალიან ბევრი რამ გაკეთდა ყაზბეგში და ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, განსაკუთრებით, ინფრასტრუქტურული კუთხით . არ შემიძლია არ გავამახვილო ყურადღება ტურიზმზე, რომელმაც გამოაცოცხლა მთელი ყაზბეგის მუნიციპალიტეტი. მოსახლეობასთან შეხვედრების დროს ყოველთვის ვამბობდი და ვამბობ, რომ ყაზბეგი შესანიშნავი, კლასიკური მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება მაღალმთიან ხეობაში, მაღალმთიან მუნიციპალიტეტში ადამიანებმა იცხოვრონ ნორმალურად და ღირსეულად. გვახსოვს, რამდენიმე წლის წინ რა ხდებოდა ყაზბეგში, რა მდგომარეობა იყო და ახლა, ყველა კარგად ვხედავთ, როგორ სწრაფად ვითარდება ეს მშვენიერი და დალოცვილი მხარე. ეს სწორედ ტურიზმის დამსახურებაა და სწორედ მაღალმთიანი რეგიონების მხარდაჭერა, მაღალმთიანი სოფლების და ხეობების მხარდაჭერა, ეს იქნება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი, მნიშვნელოვანი პრიორიტეტი როგორც ტურიზმის მიმართულებით, ასევე სოფლის მეურნეობის მიმართულებით, რომ შევქმნათ ის სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამები და პროექტები, რომელიც ორიენტირებული იქნება მაღალმთიან სოფლებში მოსახლეობის დაბრუნებაზე, ახალგაზრდების დამაგრებასა და ხევის განვითარებაზე.

მჯერა, მოხევეები კიდევ ერთხელ მიიღებენ ისეთ ღირსეულ გადაწყვეტილებას, როგორც ყოველთვის მოქმედებდნენ ქვეყნის, ხელისუფლების და ხალხის სასარგებლოდ. მჯერა, რომ პარტია „ქართული ოცნება“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მასშტაბით ღირსეულად გაიმარჯვებს და ჩვენ 31 ოქტომბერს ერთად ვიზეიმებთ დიდ წარმატებას“, – განაცხადა შალვა კერესელიძემ.