შალვა კერესელიძე - ანტიკორუფციულ საქმიანობაზე მმართველი გუნდის მომზადებულ ცვლილებებს განვიხილავთ და პოზიციებს დავაფიქსირებთ, თუ არსებული სახით დარჩება, ჩვენი მხარდაჭერა არ ექნება
შალვა კერესელიძე - ანტიკორუფციულ საქმიანობაზე მმართველი გუნდის მომზადებულ ცვლილებებს განვიხილავთ და პოზიციებს დავაფიქსირებთ, თუ არსებული სახით დარჩება, ჩვენი მხარდაჭერა არ ექნება

პარტია „საქართველოსთვის“ საპარლამენტო გუნდის წევრები ანტიკორუფციულ საქმიანობაზე მმართველი გუნდის მიერ მომზადებულ ცვლილებებს მხარს არ დაუჭერენ, თუ მათი წინადადებები არ იქნება გათვალისწინებული.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ცვლილებები უნდა წარადგინოს, ჯერ დოკუმენტის შინაარსი არ კონკრეტდება.

დეპუტატი შალვა კერესელიძე, რომელიც სამუშაო ჯგუფის წევრია, ცვლილებების შინაარსს უკვე გაეცნო. დეპუტატის თქმით, მათი იდეა იყო, რომ შექმნილიყო დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სამსახური, სადაც ახლა სხვადასხვა უწყებაში გაფანტული ანტიკორუფციული ფუნქციები გაერთიანდებოდა.

„მას ექნებოდა საგამოძიებო ფუნქცია და ორიენტირებული იქნებოდა მხოლოდ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაზე. მისი ხელმძღვანელის არჩევა კი, პარლამენტის მიერ მოხდებოდა. ხელისუფლებამ წარმოადგინა ხედვა, რომელიც ანტიკორუფციული მიმართულებით უწყების შექმნას გულისხმობს, მაგრამ ამ სამსახურის მიერ შესასრულებელი ფუნქციები და ჩვენს მიერ შეთავაზებული რეკომენდაციები ერთმანეთს არ ემთხვევა. კანონპროექტს დეტალურად განვიხილავთ და ჩვენს პოზიციებს დავაფიქსირებთ, თუ რა ფუნქცია უნდა ჰქონდეს ამ სამსახურს. თუ არსებული სახით დარჩება, ჩვენი მხარდაჭერა არ ექნება, რადგან ისეთი ქმედითი და შედეგიანი არ იქნება, რასაც კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა ჰქვია. მნიშვნელოვანია, ცვლილებების შეტანა“, – განაცხადა კერესელიძემ.