გასულ კვირას, იტალიის ქალაქ სანტა მარგერიტა დი პულას ტურნირის წყვილთა თანრიგში სოფია შაფათავამ და ეკატერინე გორგოძემ გამარჯვება მოახერხეს, მაგრამ ამჯერად ამავე ქალაქის ზედიზედ მეორე ტურნირში ეს დუეტი დაიშალა. შაფათავა უკრაინელ ანასტასია ვასილიევას შეუწყვილდა, გორგოძე – თურქ ჰემრა ოზგენს.
საწყის წრეში შაფათავა და ვასილიევა პირველ სეტში 4:1-ს უგებდნენ ფრანგებს – ტესა ანდრიანჯაფიტრიმოსა და ფიონა ფეროს, რის შემდეგაც, მეტოქეებმა თამაშის გაგრძელება ვეღარ მოახერხეს. გორგოძემ და ოზგენმა კი გერმანელები – კატარინა გერლახი და კატარინა ჰობგარსკი გაანადგურეს – 6:0, 6:4 და ასევე მოახერხეს მეოთხედფინალის საგზურის მოპოვება.
მეოთხედფინალში ქართველების გზები გადაიკვეთა. შეხვედრა დაძაბული გამოვიდა. პირველი სეტი იოლად მოიგეს გორგოძემ და ოზგენმა, მეორეში შაფათავამ და ვასილიევამ იძალეს, რის შემდეგაც, მათ საჩემპიონო ტაი-ბრეიკი მოიგეს – 2:6, 7:5, 10:3.
ასე რომ, შაფათავა წყვილთა ტურნირის ნახევარფინალში ითამაშებს. გარდა ამისა, ის ბრძოლას აგრძელებს ერთეულების ტურნირში, სადაც მერვედფინალშია გასული და იქ იტალიელ მარტინა კარეგაროს ხვდება.
პარასკევს, ქართველმა და იტალიელმა მხოლოდ ერთი გეიმის ჩატარება მოასწრეს, რის შემდეგაც, შეხვედრა წვიმის გამო შაბათისთვის გადაიდო.