ისრაელში საქართველოს მოქალაქეების ლეგალური დასაქმების საკითხი 2019 წლიდან დაჩქარდება
ისრაელში საქართველოს მოქალაქეების ლეგალური დასაქმების საკითხი მთავრობის დღის წესრიგში დგას, – ამის შესახებ საქართველოში ისრაელის ელჩმა, შაბთაი ცურმა განაცხადა.
მისი თქმით, არალეგალური მიგრაციის სტატისტიკის შემცირების შემდეგ, ამ საკითხზე მუშაობა გააქტიურდება, რაც 2019 წლისთვის გახდება შესაძლებელი.
„2014 წელს, როცა საქართველოსა და ისრაელს შორის სავიზო რეჟიმი გაუქმდა, საქართველოში ბევრმა ტურისტმა დაიწყო ჩამოსვლა და მოგზაურობა. ჩვენდა სამწუხაროდ, ბოლო ორი წლის განმავლობაში აღმოვაჩინეთ, რომ დაახლოებით 15 ათასამდე მოქალაქე არალეგალურად მუშაობდა ისრაელში. აღნიშნულთან დაკავშირებით ისრაელისა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის დიალოგი შედგა, რომლის დროსაც განხილულ იქნა, როგორ შეიძლება ამ საკითხის წინ წაწევა. ისრაელში დღესაც არიან პირები, რომლებიც ცდილობენ ისრაელის სახელმწიფოში არალეგალური მუშაობა განაგრძონ. გადაწყდა, რომ თუ არალეგალური მუშაობა შეწყდება და სტატისტიკა შემცირდება, მომავალში იქნება საუბარი იმაზე, თუ როგორ შეიძლება მიეცეს ქვეყანას ოფიციალური კვოტა, რომ საქართველოს მოქალაქეებმა ოფიციალურად იმუშაონ“, – აღნიშნა ელჩმა.
მისი თქმით, თუ 2017 წელს ამ მხრივ სტატისტიკა მაღალი იყო, 2018 წელს საკმაოდ კარგი მონაცემია და არალეგალური გამგზავრება თითქმის 70 პროცენტით შემცირდა.
„მწამს, რომ 2019 წელს ეს მიმართულება მეტად დაჩქარდება“, – განაცხადა შაბთაი ცურმა.