ქნესეთის სპიკერი - საქართველოში მოსახლეობა და მთავრობა პატივს სცემს ებრაულ თემს, ვაფასებთ ამას, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა სულ უფრო მყარი ხდება
ქნესეთის სპიკერი - საქართველოში მოსახლეობა და მთავრობა პატივს სცემს ებრაულ თემს, ვაფასებთ ამას, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა სულ უფრო მყარი ხდება

საქართველოსა და ებრაელი ხალხის 2600-წლიანი კავშირი გახდა ჭეშმარიტი ურთიერთობა ჩვენს ორ ქვეყანას შორის და ჩვენ მოვედით ამ ურთიერთობების სადემონსტრაციოდ ასევე პარლამენტებს შორისაც, – ამის შესახებ ისრაელის ქნესეთის თავმჯდომარემ, ამირ ოჰანამ დავით ბააზოვის სახელობის ქართულ-ებრაულ ურთიერთობათა ისტორიის მუზეუმში განაცხადა, სადაც ქართველ შინდლერად წოდებული სერგო მეტრეველის პატივსაცემად გამართულ ცერემონიას დაესწრო და მის შთამომავლებს საპატიო სიგელები გადასცა.

„აქ, ებრაულ მუზეუმში დაიწყო ჩემი, როგორც ქნესეთის სპიკერის ვიზიტი საქართველოში. 80 წლის შემდეგაც კი ჩვენ ჯერ კიდევ გვახსოვს ზოგიერთი მართალი ერი, ძალიან ცოტა ადამიანი, ვინც შეინარჩუნა ჰუმანურობა და გადაარჩინა ებრაელთა სიცოცხლე ყველაზე ბნელ დროში. ერთ-ერთი მათგანი იყო სერგო მეტრეველი. მადლიერი ვარ მისი და მთელი მისი ოჯახის იმისთვის, რაც მან გააკეთა ჰოლოკოსტის დროს. ჩვენ შეშფოთებით ვხედავთ მსოფლიოში ანტისემიტიზმის ზრდას, მაგრამ პატივისცემით ვამბობ, რომ საქართველოში ამას ვერ ვხედავთ. საქართველოში მოსახლეობა და მთავრობა პატივს სცემს ებრაულ თემს და ჩვენ შეგვიძლია ამის ნახვა ამ მუზეუმში. პატივს ვცემთ და ვაფასებთ ამას. ჩვენს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა სულ უფრო მყარი ხდება. საქართველოსა და ებრაელი ხალხის 2600-წლიანი კავშირი გახდა ჭეშმარიტი ურთიერთობა ჩვენს ორ ქვეყანას შორის და ჩვენ მოვედით ამ ურთიერთობების სადემონსტრაციოდ ასევე პარლამენტებს შორისაც. ხვალ ვესტუმრები საქართველოს პარლამენტს, მაქვს საკმაოდ ბევრი შეხვედრა ამ ქვეყნის მაღალი რანგის პოლიტიკოსებთან. ჩვენი მიზანია, გავაძლიეროთ და გავაღრმავოთ ურთიერთობა ამ ორ დიდ ერს შორის“, – განაცხადა ისრაელის ქნესეთის თავმჯდომარემ, ამირ ოჰანამ.

ისრაელის ქნესეთის თამჯდომარის, ამირ ოჰანას ოფიციალური ვიზიტი საქართველოში დღეს დაიწყო. 4 სექტემბერს ქნესეთის სპიკერი საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელებთან გამართავს შეხვედრებს. საკანონმდებლო ორგანოში ამირ ოჰანას პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უმასპინძლებს. შეხვედრის დასრულების შემდეგ ორი ქვეყნის პარლამენტების სპიკერები პრესისთვის ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ.

ამირ ოჰანა შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს, საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, ნინო ქადაგიძეს. 5 სექტემბერს საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ქართველი კანონმდებლები ისრაელის სახელმწიფოს ქნესეთის სპიკერს და მის თანმხლებ დელეგაციას მიესალმებიან.