შალვა პაპუაშვილი - ვიმედოვნებთ, 2024 წელს დაიწყება მოლაპარაკებები ისრაელთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმებაზე, რაც მეტ შესაძლებლობას შექმნის ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობაში
შალვა პაპუაშვილი - ვიმედოვნებთ, 2024 წელს დაიწყება მოლაპარაკებები ისრაელთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმებაზე, რაც მეტ შესაძლებლობას შექმნის ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობაში

ქართველ და ებრაელ ხალხს 26-საუკუნოვანი მეგობრობა აკავშირებთ და სწორედ ეს მტკიცე კავშირები ქმნის მყარ საფუძველს საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს შორის ნაყოფიერი და მრავალგანზომილებიანი თანამშრომლობის განვითარებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ისრაელის სახელმწიფოს პარლამენტის, ქნესეთის თავმჯდომარესთან, ამირ ოჰანასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

„ვაფასებთ ამ ვიზიტსა და ინტენსიურ კომუნიკაციას, რომელიც ამჟამინდელ რთულ, გამოწვევებით სავსე გეოპოლიტიკურ ვითარებაში შედგა.

მადლიერები ვართ ისრაელის სახელმწიფოსადმი საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერისთვის.

მივესალმებით უკანასკნელ პერიოდში ჩვენს ქვეყნებს შორის მაღალი დონის ვიზიტების მზარდ დინამიკას. განსაკურებით აღსანიშნავია საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილისა და საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის ნაყოფიერი ვიზიტები ისრაელის სახელმწიფოში. ბატონი ოჰანას ვიზიტი ამ პოზიტიური დინამიკის გაგრძელებაა და მჯერა, რომ მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებაში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს შორის თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროში, მათ შორის საპარლამენტო დონეზე, ასევე ეკონომიკის, ტურიზმის, კულტურისა და უსაფრთხოების მიმართულებებით.

„ჩვენს საკანონმდებლო ორგანოებს შორის კავშირები მტკიცეა, მათ შორის მეგობრობის ჯგუფების დონეზე. ისრაელთან მეგობრობის ჯგუფმა დაახლოებით ერთი თვის წინ განახორციელა ვიზიტი ისრაელში და არაერთი ნაყოფიერი შეხვედრა გამართა ისრაელის სახელმწიფოს მხარესთან. მზად ვართ, ჩვენი თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისთვის.

ასევე, ვიმედოვნებთ, რომ 2024 წელს დაიწყება მოლაპარაკებები თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების თაობაზე, რაც კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას შექმნის ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის ურთიერთობაში.

შეხვედრაზე, აგრეთვე, ვისაუბრეთ რეგიონული უსაფრთხოების გამოწვევებზე. ისრაელსა და, ზოგადად, ახლო აღმოსავლეთის რეგიონს სტაბილურობასა და მშვიდობას ვუსურვებთ.

მადლობას ვუხდი ჩემს კოლეგას ჩამობრძანებისთვის, ასევე თანამშრომლობისა და მეგობრობის გაღრმავების მზადყოფნისთვის“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.