„სფეის იქსის“ რაკეტა, რომელსაც ასტრონავტები კოსმოსურ სადგურზე მიჰყავს, წარმატებით გაეშვა [ვიდეო]
„სფეის იქსის“ რაკეტა „ფალკონ 9“ საერთაშორისო კოსმოსური სადგურისკენ წარმატებით გაეშვა. რაკეტაზე მოთავსებულია კაფსულა Crew Dragon, რომელშიც ნასას ორი ასრტრონავტი, რობერტ ბენკენი და დაგლას ჰარლი სხედან. მას შემდეგ, რაც რაკეტა კაფსულას ორბიტაზე გაიტანს, ის კვლავ დედამიწაზე დაეშვება და ატლანტის ოკეანეში განთავსებულ სპეციალურ ტივტივაზე დაჯდება.
Crew Dragon-ი საერთაშორისო კოსმოსურ სადგურთან გაშვებიდან 19 საათის შემდეგ, 31 მაისს, თბილისის დროით 18:30 საათზე მივა, მიუერთდება და ასტრონავტები სადგურზე გადავლენ.
ეს პირველი შემთხვევაა კოსმოსური შატლის პროგრამის დახურვის შემდეგ (2011 წლის ივლისი), როდესაც ნასას ასტრონავტები საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ამერიკის მიწიდან, ამერიკული რაკეტით გაემგზავრნენ. ბოლო ცხრა წლის განმავლობაში, ნასა ამისათვის რუსეთის რაკეტა „სოიუზს“ იყენებდა, რომლითაც ასტრონავტები სადგურზე ყაზახეთიდან, ბაიკონურის კოსმოდრომიდან მიემგზავრებოდნენ.