„სფეის იქსის“ კაფსულამ ნასას ასტრონავტები საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან დედამიწაზე ჩამოიყვანა — #1tvმეცნიერება
საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე გატარებული ორი თვის შემდეგ, „სფეის იქსის“ კაფსულა Crew Dragon-მა ნასას ასტრონავტები — რობერტ ბენკენი და დაგლას ჰარლი დედამიწაზე ჩამოიყვანა. ასტრონავტები მექსიკის ყურეში, ქალაქ პენსაკოლას სანაპიროსთან დაეშვნენ. აღსანიშნავია, რომ ეს გახლდათ პირველი წყალში დაშვება 1975 წლის შემდეგ, როდესაც ნასას ასტრონავტები აპოლო-სოიუზის ერთობლივი სატესტო მისიიდან დედამიწაზე დაბრუნდნენ.
რობერტ ბენკენი და დაგლას ჰარლი საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე „სფეის იქსის“ რაკეტა „ფალკონ 9“-ზე მოთავსებული კაფსულა „ქრიუ დრაგონით“ 30 მაისს ავიდნენ. ისინი ბოლო ათი წლის განმავლობაში პირველი ასტრონავტები არიან, რომლებიც საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ამერიკის მიწიდან, ამერიკული რაკეტით გაემგზავრნენ. 2011 წლიდან, მას შემდეგ, რაც კოსმოსური შატლის მისია დაიხურა, ნასა თავის ასტრონავტებს სადგურზე რუსეთის რაკეტა „სიოუზით“ გზავნიდა ბაიკონურის კოსმოდრომიდან.
ნასას ასტრონავტები სადგურიდან დედამიწაზე რუსული კაფსულით, ყაზახეთში, ბაიკონურის კოსმოდრომთან ბრუნდებოდნენ.
2020 წლის სექტემბრის ბოლოს, „სფეის იქსის“ მისია Demo-2 საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ექვსთვიან მისიაში აიყვანს ნასას ასტრონავტებს — ვიქტორ გლოვერს, მაიკ ჰოპკინსს, შენონ უოლკერს და იაპონიის კოსმოსური სააგენტოს (JAXA) ასტრონავტ სოიჩი ნოგუჩის.