„სფეის იქსის“ „ფალკონ ჰევის“ სამივე რაკეტა მისიის შესრულების შემდეგ დედამიწაზე წარმატებით დაეშვა
13:56, 12.04.2019
„სფეისიქსმა“ თავის გიგანტური რაკეტა მეორედ გაუშვა. სამივე ბუსტერი (გამწევი რაკეტა) დედამიწაზე წარმატებით დაეშვა.
ახალმა, გაუმჯობესებულმა რაკეტა „ფალკონ ჰევიმ“ ორბიტაზე საკომუნიკაციო თანამგზავრი „არაბსატი“ გაიტანა. „ფალკონ ჰევი“ ამჟამად მსოფლიოში არსებული ყველაზე ძლიერი რაკეტაა, რომლის გაშვების დროსაც ცხრა ძრავი მუშაობს, შვიდი თითოეულ ბუსტერზე.
დედამიწიდან მოწყვეტიდან რვა წუთის შემდეგ, პირველი ეტაპის ორი ბუსტერი წარმატებით დაეშვა უკან, კანავერალის კონცხზე და გვერდიგვერდ განთავსდა, ზუსტად ისე, როგორც შარშან, პირველი გაშვების დროს. ორი წუთის შემდეგ, ოკეანეში, სანაპიროდან ასობით კილომეტრის მანძილზე განთავსებულ სპეციალურ გემზე წარმატებით დაჯდა მთავარი, ცენტრალური ბუსტერი. პირველი მისიის დროს რაკეტის სწორედ ამ ბუსტერმა ვერ შეძლო დედამიწაზე დაბრუნება.
„ფალკონ ჰევი“ ნასას კენედის კოსმოსური ცენტრიდან გაუშვეს, იგივე პადიდან, საიდანაც „აპოლოს“ მისიის ასტრონავტები მიდიოდნენ მთვარეზე და საიდანაც ეშვებოდა კოსმოსური შატლის ეკიპაჟები.
გაშვების პროცესს ახლომდებარე პლაჟებიდან მრავალი ადგილობრივი თუ ტურისტი უყურებდა.
ამის გამო, რომ ეს რაკეტის განახლებული ვერსია იყო მრავალი ცვლილებით, „სფეის იქსის“ ხელმძღვანელი ილონ მასკი წინასწარ შიშობდა, რომ შესაძლოა, ყველაფერი კარგად არ დამთავრებულიყო. თუმცა, ყველაფერი იდეალურად წარიმართა და რაკეტამ თანამგზავრი სწორ ორბიტაზე გაიტანა.
შემდეგი „ფალკონ ჰევის“ გაშვებას „სფეის იქსი“ წლის ბოლოსთვის გეგმავს, აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალებისთვის განკუთვნილი მისიის ფარგლებში. ამ გაშვებისას შესაძლოა, სწორედ გუშინ გაშვებული ბუსტერები გამოიყენონ ხელახლა.
ერთი თვის წინ, ნასას ადმინისტრატორმა ჯიმ ბრაიდენსტაინმა განაცხადა, რომ სააგენტო სავარაუდოდ, 2020 წელს სწორედ „ფალკონ ჰევის“ გამოიყენებს კაფსულა „ორიონის“ გასატანად მთვარის ორბიტაზე.
ზომისა და ძალის თვალსაზრისით, ყველა დროის უდიდეს რაკეტად ამ დრომდე რჩება ნასას რაკეტა „სატურნ V“, რომელიც „აპოლოს“ მთვარის მისიებისთვის გამოიყენებოდა.
ილონ მასკის „ფალკონ ჰევი“ ერთმანეთთან მიტყუპებული სამი რაკეტისგან შედგება.
„სფეის იქსის“ გამოჩენამდე, ბუსტერები ოკეანეში ცვიოდა მას შემდეგ, რაც თანამგზავრებს ორბიტაზე გაიტანდნენ. ილონ მასკის კომპანიის ბუსტერები კი მისიის შესრულების შემდეგ დედამიწაზე ბრუნდება და შესაძლებელია მათი ხელახლა გამოყენება, რაც წარმოუდგენლად ამცირებს მისიების გაშვების ღირებულებას.