წითელი ჯვარი - თრუსოს ხეობასთან დაკავებული ახალგაზრდების ოჯახებს დახმარება ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში აღვუთქვით
თრუსოს ხეობასთან დაკავებული პირების ოჯახებს ახალგაზრდების გათავისუფლებაში დახმარება ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში აღვუთქვით, -ამის შესახებ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა, სევერინ შაპაზმა განაცხადა.
მისივე თქმით, ოჯახები წითელ ჯვარს თავად დაუკავშირდნენ და შეხვედრა სთხოვეს.
„როგორც საინფორმაციო საშუალებებმა გუშინ განაცხადეს, ოჯახები წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტში დაგვიკავშირდნენ. მათი სურვილი იყო შეგვხვედროდნენ და ამ საკითხზე ჩვენთან პირადად ესაუბრათ. შინაარსს სამწუხაროდ ვერ გავასაჯაროებ, რადგან ოჯახების სურვილით კონფიდენციალური შეხვედრა იყო. ჩვენ მათ დახმარება ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში აღვუთქვით“,-განაცხადა სევერინ შაპაზმა.
თრუსოს ხეობასთან საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ხუთი ახალგაზრდა გაათავისუფლეს. ისინი ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით, რუსმა სამხედროებმა რამდენიმე დღის წინ დააკავეს.