საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს ექვსი მოქალაქე თავისუფალია
საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს ექვსი მოქალაქე თავისუფალია

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული საქართველოს ექვსი მოქალაქე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება, – ინფორმაციას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

„უკანონო დაკავების შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე დაუყოვნებლივ გააქტიურდა „ცხელი ხაზი“ და ამოქმედდა ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა მექანიზმი. ინფორმაცია ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს. აღნიშნულ პროცესში უშუალოდ იყო ჩართული საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია (EUMM)“, – ნათქვამია სუს-ის ინფორმაციაში.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აღნიშნავენ, რომ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას.

„ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, განაგრძობს აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად“, – აცხადებენ სუს-ში.