სეულში „ფუკუშიმას“ ატომური სადგურიდან დაბინძურებული წყლის ოკეანეში ჩაღვრას აპროტესტებენ
სამხრეთ კორეის პრეზიდენტი მუნ ჯე ინი იაპონიის მთავრობის მიერ „ფუკუშიმას“ ატომური სადგურიდან დაბინძურებული წყლის ოკეანეში ჩაღვრასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების საერთაშორისო სასამართლოში გასაჩივრებას აპირებს.
ინფორმაციას სააგენტო „როიტერსი“ ავრცელებს.
იაპონიამ 13 აპრილს გაასაჯაროვა გეგმა, რომლის მიხედვით 2011 წლის დამანგრეველი მიწისძვრისა და ცუნამის შემდეგ დაზიანებული ატომური ელექტროსადგურიდან მილიონი ტონა დაბინძურებული წყალი ოკეანეში უნდა ჩაღვარონ.
ტოკიოში აცხადებენ, რომ აღნიშნულ წყალს მავნე იზოტოპებისგან ორი წლის განმავლობაში ასუფთავებდნენ. ეს გეგმა სეულში გააპროტესტეს და იაპონიის ელჩი საგარეო უწყებაში დაიბარეს. სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა კი განაცხადა, რომ შესაბამისმა უწყებებმა უნდა დაიწყონ საკითხის შესწავლა და არ არის გამორიცხული, რომ იაპონიის მთავრობის გეგმა საერთაშორისო საზღვაო ტრიბუნალში გასაჩივრდეს. იაპონიის მთავრობის გადაწყვეტილება ასევე გააპროტესტეს სამხრეთკორეელმა პოლიტიკოსებმა, მეთევზეებმა და გარემოსდამცველებმაც.
საპროტესტო აქცია სეულში მდებარე იაპონიის შენობის წინ გაიმართა. თევზის მრეწველობის სფეროში მომუშავე 25 ორგანიზაციისგან შემდგარმა კოალიციამ იაპონიის საელჩოს თხოვნით მიმართა, დაბინძურებული წყლის ოკეანეში ჩაღვრის გადაწყვეტილებას გადახედოს. ისინი მოუწოდებენ სამხრეთ კორეის ხელისუფლებას, აკრძალონ იაპონიიდან ზღვის პროდუქტების იმპორტი.
სამხრეთ კორეის ოპოზიციური პარტიების ნაწილმა კი იაპონიას „ბირთვულ ტერორიზმში“ დასდო ბრალი და იაპონიის საელჩოს გადასცა პეტიცია, რომლის ხელმომწერებიც დაბინძურებული წყლის ოკეანეში ჩაღვრის წინააღმდეგ გამოდიან. პეტიციას ხელს 64 000 ადამიანი აწერს ხელს.