სეულის მერიის შენობა 26 მაისს საქართველოს დროშის ფერებში განათდება
სეულის მერიის შენობა 26 მაისს საქართველოს დროშის ფერებში განათდება

სეულის მერიის შენობა 26 მაისს საქართველოს დროშის ფერებში განათდება, – ამის შესახებ ინფორმაციას KoreaTimes-თან ინტერვიუში სამხრეთ კორეაში საქართველოს ელჩი ავრცელებს. სამხრეთ კორეულ გამოცემასთან საუბრისას ოთარ ბერძენიშვილი სამხრეთ კორეისა და საქართველოს ურთიერთობების დაახლოებაზე საუბრობს.

„სამხრეთ კორეას და საქართველოს ოკუპაციის თემაც საერთო აქვთ. სამხრეთ კორეა იაპონიის მიერ იყო ოკუპირებული“, – ამბობს საქართველოს ელჩი.

სამხრეთ კორეულ გამოცემასთან საუბრისას ქართველი დიპლომატი აცხადებს, რომ ორ ქვეყანას შორის კულტურული, ტურისტული, სავაჭრო და განათლების სფეროში კავშირების გამყარებას აპირებს.

მისივე თქმით, იგეგმება ღვინის ფესტივალის, ქართული კინოს კვირეულისა და ფოლკლორული ანსამბლების გასტროლები.

ელჩის ცნობით, სეულსა და თბილისს შორის პირველი პირდაპირი რეისი უკვე შესრულდა. კიდევ ორი ჩარტერული ფრენა 24 და 31 მაისს შესრულდება.

მისივე ინფორმაციით, თავდაპირვლად მხოლოდ ორი ფრენა იყო დაგეგმილი, თუმცა დიდი მოთხოვნის გამო 31 მაისის რეისი დაემატა.