სესილია მალმსტრომი - ევროკავშირიდან საქართველოში უკვე ხორციელდება ინვესტიციები და გვინდა, მისი მასშტაბები უფრო გაიზარდოს
სესილია მალმსტრომი - ევროკავშირიდან საქართველოში უკვე ხორციელდება ინვესტიციები და გვინდა, მისი მასშტაბები უფრო გაიზარდოს

ევროკავშირსა და საქართველოს ძალიან მჭიდრო ურთიერთობები გვაკავშირებს, – ამის შესახებ ვაჭრობის საკითხებში ევროკომისარმა, სესილია მალმსტრომმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვდრის შემდეგ განაცხადა.

მთავრობის ადმინისტრაციაში მამუკა ბახტაძემ და სესილია მალმსტრომმა ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.

„ჩემთვის დიდი პატივია, რომ კვლავ ვიმყოფები თბილისში. მინდა, ვისაუბრო ჩვენს ღრმა და ინტენსიურ ურთიერთობებზე. ჩვენ ძალიან მჭიდრო ურთიერთობები გვაკავშირებს.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ევროკავშირი საქართველოსთვის ყველაზე მსხვილი საექსპორტო ბაზარია, რაც ჩვენს ურთიერთობაში უზარმაზარი წარმატებაა. თუმცა, ჩვენ მეტის გაკეთება შეგვიძლია და სწორედ ამიტომ ვიმყოფები საქართველოში“, – განაცხადა ევროკომისარმა.

მისი თქმით, პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე განიხილეს პერსპექტივები, რომლებიც შეიძლება, გამოყენებულ იქნას, რათა ქართველმა მეწარმეებმა უკეთ იცოდნენ, რა სარგებელი შეიძლება, მოუტანოს მათ ევროკავშირის ბაზარმა და უკეთესი წვდომა ჰქონდეთ ევროკავშირის ბაზარზე.

„ჩვენ ვცდილობდით, ეკონომიკის მინისტრთან ერთად გამოგვევლინა გზები და საშუალებები იმისა, რომ ქართველ მეწარმეებს მივაწოდოთ ინფორმაცია იმის შესახებ, როგორ შეიძლება, საქართველომ უკეთ გამოიყენოს საექსპორტო პოტენციალი და თუ ამ პროცესში რამე სირთულეები არსებობს, ისინი მაქსიმალურად ეფექტიანად გადავლახოთ“, – განაცხადა სესილია მალმსტრომმა.

ევროკომისარმა საქართველოს საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესება მიულოცა და ამის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

„მნიშვნელოვანია საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესება და ვულოცავ ამას საქართველოს. ეს განზრახვები უნდა გადაიზარდოს საქართველოში პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში. ევროკავშირიდან საქართველოში უკვე ხორციელდება ინვესტიციები და გვინდა, მისი მასშტაბები მომდევნო წლებში კიდევ უფრო გაიზარდოს, რათა კიდევ უფრო გავაძლიეროთ და მეტი კონსოლიდაცია შემოვიტანოთ საქართველოს საინვესტიციო კლიმატში, რომ ჩვენი საქმიანობა მრავალფეროვანი, დივერსიფიცირებული გახდეს და ამ ყველაფრის შედეგად შეიქმნას სამუშაო ადგილები“, – განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში სესილია მალმსტრომმა.

მისი თქმით, ბევრი ქართული პროდუქტი იმკვიდრებს ადგილს ევროკავშირის სავაჭრო დახლებზე, თუმცა, მეტის ნახვის სურვილი არსებობს.

„ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოდან უკვე ბევრი პროდუქტი იმკვიდრებს ადგილს ევროკავშირის სავაჭრო დახლებზე და კიდევ უფრო მეტის ნახვა გვსურს. ჩვენ საკრედიტო საშუალებებს ვაწვდით საქართველოს მეწარმეებს, ფერმერებს“,  – აღნიშნა ევროკომისარმა.

მისი თქმით, უკვე გამოიყო 80 მილიონი ევრო, რომლითაც ათასობით ფერმერი სარგებლობს და ახალი სამუშაო ადგილები იქმნება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, დღეს გამართულ შეხვედრაზე მამუკა ბახტაძემ და სესილია მალმსტრომმა ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ამოქმედებიდან დღემდე მიღწეული კონკრეტული შედეგები და საქართველოს ექსპორტის განვითარების სტრატეგია განიხილეს.