მამუკა ბახტაძე ევროკომისარ სესილია მალმსტრომს შეხვდა
მამუკა ბახტაძე ევროკომისარ სესილია მალმსტრომს შეხვდა

ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ამოქმედებიდან დღემდე მიღწეული კონკრეტული შედეგები და საქართველოს ექსპორტის განვითარების სტრატეგია განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ და ვაჭრობის საკითხებში ევროკომისარმა სესილია მალმსტრომმა შეხვედრაზე, რომელიც დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა, – ამის შესახებ ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.

პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, საუბრისას, პოზიტიურად შეფასდა საქართველოს მთავრობის ინიციატივები ქვეყანაში ბიზნესგარემოს გაუმჯობესების, ეკონომიკური მოდერნიზაციის, ადამიანური კაპიტალის განვითარებისა და პროფესიული განათლების რეფორმის მიმართულებით, ასევე მცირე და საშუალო საწარმოთა მხარდაჭერის კუთხით. აღინიშნა, რომ ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ამოქმედებამ ხელშესახები შედეგები მოიტანა და სულ უფრო იზრდება  კომპანიების რიცხვი, რომლებიც ევროკავშირის ბაზარზე საკუთარი პროდუქციის ექსპორტს ახორციელებენ.

საუბარი შეეხო პოტენციურ საექსპორტო პროდუქტებს, რომელთა გატანა ევროკავშირის ხარისხის მაღალი სტანდარტების დაკმაყოფილების შემდეგ გახდება შესაძლებელი.

ასევე, შეხვედრისას, იმსჯელეს ევროკომისიის მხარდაჭერით შემუშავებულ საქართველოს ექსპორტის განვითარების სტრატეგიაზე, რომელიც კონკრეტული პროდუქტების ევროკავშირის ბაზარზე განთავსების სამოქმედო გეგმას მოიცავს.

პრემიერის პრესსამსახურის ცნობით, მამუკა ბახტაძემ ევროკავშირს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა დახმარებისთვის, რომელსაც საქართველო იღებს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის შეთანხმების განხორციელების პროცესში, ასევე მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობისთვის. მამუკა ბახტაძემ ამ კუთხით გამოყო საფინანსო შეთანხმებები „უნარების განვითარების მხარდაჭერა“ და „ეკონომიკური განვითარებისა და ბიზნესის მხარდაჭერა საქართველოში“, რომლის ფარგლებშიც საქართველოსთვის სოლიდური დახმარებაა გათვალისწინებული.