სერვისების სააგენტო - 2022 წელს პრეზიდენტისთვის წარდგენილი რუსეთის 3 265 მოქალაქიდან, საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭა 728 პირს, რომლებიც წარმოშობით საქართველოდან არიან და აკმაყოფილებენ კანონის მოთხოვნას
იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო საქართველოს მოქალაქეობის მოპოვებისა მსურველთა მომართვიანობასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს.
„პრეზიდენტის მიერ საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭებისთვის აუცილებელია, რომ პირი წარმოშობით იყოს საქართველოდან და აკმაყოფილებდეს კანონით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს. კერძოდ, მოქალაქეობის მიღების მსურველი უნდა იყოს – საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ან ამ ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული, ასევე სხვადასხვა დროს პოლიტიკური მოსაზრებით ან სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო, ემიგრაციაში წასული პირი, რომელიც დღეისთვის სხვა ქვეყნის მოქალაქეა და სურს სამშობლოსთან კავშირის აღდგენა.
სააგენტოში საგამონაკლისო წესით მოქალაქეობის მინიჭების მოთხოვნით 2022 წელს წარმოდგენილ იქნა რუსეთის 3 265 მოქალაქის განცხადება. მათგან საქართველოს მოქალაქეობა საქართველოს პრეზიდენტის მიერ მიენიჭა მხოლოდ 728 პირს, რომლებიც წარმოშობით საქართველოდან არიან და ამასთან აკმაყოფილებენ კანონით დადგენილ მოთხოვნას საქართველოს სახელმწიფო ენის, საქართველოს ისტორიისა და სამართლის ძირითადი საფუძვლების ცოდნის დონის შესახებ“, – აღნიშნულია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციაში.