სერვისების განვითარების სააგენტო გიორგი ვაშაძეს დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, გიორგი ვაშაძის მიერ ყალბი პირადობის მოწმობების გამოყენების თემაზე გაკეთებულ განცხადებას დეზინფორმაციას უწოდებს.
„გაერთიანებული ოპოზიციის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა გიორგი ვაშაძემ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ვაკის მე-2 და მე-14 უბანზე დავით შენგელიასა და ზურა ჩაკვეტაძის სახელზე ყალბი პირადობის მოწმობები გამოავლინეს, საარჩევნო სამაგიდო სიასა და პირადობის მოწმობაში არსებული მათი ფოტოები არ ემთხვეოდა ერთმანეთს.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ბაზაში, აღნიშნული პირების შესახებ ინფორმაცია გადამოწმდა და დადგინდა, რომ ორივე შემთხვევაში ადგილი ჰქონდა ერთსა და იმავე მისამართზე, იდენტური სახელით და გვარით დარეგისტრირებულ მამა-შვილს.
კერძოდ:
ზურაბ ჩაკვეტაძე – დაბადებული 1948 წელს და მისი შვილი, ზურაბ ჩაკვეტაზე, დაბადებული 1993 წელს და მცხოვრები თბილისი, ნიკოლოზ ყიფშიძეს ქუჩა, კორპუსი 5ა (რეგისტრირებულნი იყვნენ ვაკის N14-ე უბანზე);
დავით შენგელია – დაბ. 1947 წელს და მისი შვილი, ასევე დავით შენგელია, დაბადებული 1974 წელს, მცხოვრები ვ. ბარნოვის ქ. N81. (რეგისტრირებულნი იყვნენ ვაკის N2-ე უბანზე)“, – აცხადებენ სერვისების განვითარების სააგენტოში.
მათივე ცნობით, სავარაუდოდ ორივე შემთხვევაში საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად მამა-შვილიდან ერთ-ერთი იყო მისული და ადგილზე მყოფი „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი შეცდომაში შევიდა, შესაბამისად დეზინფორმაცია გაავრცელეს.
„ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, გიორგი ვაშაძემ დღეს განაცხადა, რომ ვაკის მეორე და მე-14 უბანზე დაფიქსირდა ყალბი პირადობის მოწმობებით ხმის მიცემა.