გიორგი ვაშაძე - "ქართულ ოცნებას" მივმართავ, რა დღეში ხართ, ხალხო 
გიორგი ვაშაძე - "ქართულ ოცნებას" მივმართავ, რა დღეში ხართ, ხალხო 

„ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ საქართველოს მასშტაბით საარჩევნო თვალსაზრისით მძიმე მდგომარეობაა.

როგორც გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, ვაკის მეორე და მე-14 უბანზე უკვე დაფიქსირდა ყალბი პირადობის მოწმობებით ხმის მიცემა.

„ქართულ ოცნებას“ მინდა მივმართო, რა დღეში ხართ, ხალხო, რა არის, არჩევნებს ვატარებთ თუ რა ხდება  ქვეყანაში, არანაირი ნორმის დაცვა არ ხდება. ჩვენ აბსოლუტურად ყველაფერს დავაფიქსირებთ და არ გამოგივათ, ამ სიყალბეების ჩადენა. ვაკის მეორე და მე-14 უბანზე უკვე დავაფიქსირეთ ყალბი პირადობის მოწმობებით ხმის მიცემა დავით შენგელიასა და ზურა ჩაკვეტაძის სახელით. ზურაბ ჩაკვეტაძე რეგისტრირებულია ყიფშიძის 5 ა-ში, მათი სურათები სხვა არის საარჩევნო სიაში, პირადობა კი უჭირავთ ხელში სხვა ფოტოსურათით. იგივე ხდება ქუთაისშიც, სადაც პლანშეტებში, რომელიც ცესკო-მ დაარიგა, სურათებს არ აჩვენებს, ანუ როცა ხდება სიაში სურათით გადამოწმება, არ აჩვენებს სურათს, ჩვენ გვაქვს ამის ვიდეოჩანაწერიც” , – განაცხადა ვაშაძემ.

მისივე თქმით, მარნეულის 21-ე უბანზე ბიულეტენები არის გამოტანილი გარეთ და ყველას თვალწინ ახდენენ ხელმოწერას, ძალით ახაზინებენ მათთვის სასურველ კანდიდატს.

„რა დავარქვათ ამას? ეს არჩევნებია? გვაქვს ვიდეო, სადაც ჩანს, რომ კომისიის წევრი წინასწარ აწერინებს ხელს და ამზადებს ბიულეტენებს. ბეჭედი არის წინასწარ დარტყმული. ყველა ბიულეტენი ხელმოწერილი და ბეჭედდარტყმულია, გამზადებულია გაყალბებისთვის. მინდა მივმართო ცესკო-ს, გადასატანი ყუთები როგორც ჩანს, სურთ, ბოლომდე გამოიყენონ გაყალბებისთვის. მე ვურეკავდი თამარ ჟვანიას, არც პასუხობს ტელეფონს ეს ქალბატონი. გადასატან ყუთებთან დაკავშირებით, ქუთაისში, თბილისში გვაქვს დაფიქსირებული, რომ ადამიანი არის გადასატან ყუთში, მაგრამ მოდის არჩევნებზე”, – განაცხადა ვაშაძემ.