სერგო ჩიხლაძე - ვითვალისწინებთ ბორელის აზრს, მაგრამ ყველაფერი თუ წესრიგში იყო და პრობლემას ვერ ხედავენ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა რატომ შეიტანა გარკვეული საკითხები მოლაპარაკების თემად
ყველაფერი წესრიგში თუ იყო, არაფერზე პრობლემა თუ არ არის და ვერაფერში პრობლემას თუ ვერ ხედავენ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა რატომ შეიტანა ეს საკითხები მოლაპარაკების თემად, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, სერგო ჩიხლაძემ ჟოზეფ ბორელის განცხადებაზე კომენტირებისას აღნიშნა.
როგორც სერგო ჩიხლაძემ განაცხადა, ახლა მთავარი არის მოლაპარაკებები და შეთანხმების მიღწევა.
„პირველი ნოემბრიდან მოყოლებული ჩვენ გვესმის მოწოდებები. პატივს ვცემთ დასავლელ პარტნიორებს. რაც შეეხება განცხადებას არჩევნებთან დაკავშირებით, სამართლიანი არ წერია იმ დასკვნაში. იქ წერია თავისუფალი, მაგრამ მიუხედავად ამისა, ვითვალისწინებთ ბორელის აზრს, მაგრამ იგივე კითხვა გვიჩნდება, თუ ყველაფერი წესრიგში იყო, თუ არაფერზე პრობლემა არ არის და ვერაფერში პრობლემას ვერ ხედავენ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა რატომ შეიტანა ეს საკითხები მოლაპარაკების საკითხებად. ესე იგი პრობლემურია და ამაზე უნდა მოვილაპარაკოთ. ამიტომ მთავარი ახლა არის მოლაპარაკება და შეთანხმება. ვინ რა განცხადებას აკეთებს, ამას ყველა კარგად ვიმახსოვრებთ, პატივს ვცემთ, ვითვალისწინებთ და ზუსტად ამას რომ ვითვალისწინებთ, იმიტომაც ძალიან კონსტრუქციული პოზიცია გვიჭირავს ოპოზიციურ პარტიებს“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.
ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჟოზეფ ბორელის შეფასებით, ყველა პოლიტიკურმა პარტიამ, ყველა ინსტიტუტმა და აქტორმა საქართველოს მოსახლეობის ინტერესი პირველ ადგილზე უნდა დააყენოს.
მისი თქმით, პარლამენტის ბოიკოტი არ უწყობს ხელს პოლიტიკურ პლურალიზმს, ყველამ თავი უნდა შეიკავოს პროვოკაციული ქმედებებისა და რიტორიკისგან, იმუშაოს კომპრომისის მოსაძებნად.
ამასთან, ბორელის განმარტებით, მისი გადასაწყვეტი არ არის, უნდა ჩატარდეს თუ არა ახალი არჩევნები. აქვე, ბორელი აღნიშნავს, რომ ეუთო-მ საპარლამენტო არჩევნები სამართლიანად და თავისუფლად მიიჩნია.