სერგო ჩიხლაძე - სოციოლოგიური კვლევები ჩავატარეთ, აღმოჩნდა, რომ ყველაზე მეტი იდეოლოგიური სიახლოვე და სინერგიის ეფექტი „ნაციონალურ მოძრაობასთან“ გვაქვს
2020-2021 წლიდან მოყოლებული ვერ ნახავთ ვერცერთ განცხადებას, სადაც ჩვენ და „ნაციონალური მოძრაობა“ განსხვავებულ პოზიციებზე ვდგავართ ქვეყნის შიგნით თუ გარეთ მიმდინარე პროცესებზე, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, სერგო ჩიხლაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.
„ასევე მნიშვნელოვანია ისიც, რომ სისტემის პატიმარია მიხეილ სააკაშვილი და ამ მხრივაც, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის შემდეგ თქვენ ვერ ნახავთ განსხვავებულ, აცდენილ პოზიციებს, გნებავთ მის პატიმრობაზე, გნებავთ ჯანმრთელობაზე და ა.შ.“ – განაცხადა ჩიხლაძემ.
შეკითხვაზე, რატომ არ გაკეთდა არჩევანი სხვა პოლიტიკურ ძალებზე, რომლებიც ცალკე ალიანსების შექმნას ცდილობენ, ჩიხლაძემ აღნიშნა, რომ „სტრატეგია აღმაშენებელმა“ სოციოლოგიური კვლევები ჩაატარა, რომლის მიხედვითაც აღმოჩნდა, რომ პარტიას ყველაზე მეტი იდეოლოგიური სიახლოვე და სინერგიის ეფექტი „ნაციონალურ მოძრაობასთან“ აქვს.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, ეთანხმება თუ არა ოპოზიციის ნაწილს, რომელიც ფიქრობს, რომ „სტრატეგია აღმაშენებელს“ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ გაერთიანების ნაბიჯი საარჩევნო ბარიერის გადალახვის ფაქტორმა გადაადგმევინა, სერგო ჩიხლაძემ განაცხადა, რომ ის ამ მოსაზრებას არ ეთანხმება, რადგან აქ საუბარი არ არის ბარიერის გადალახვაზე.
შეკითხვაზე, გადალახავდა თუ არა პარტია 5%-იან ბარიერს მარტო მონაწილეობის შემთხვევაში და აქვს თუ არა მათი კოლეგების ეჭვს საფუძველი, რადგან ბოლო საპარლამენტო არჩევნებზე „სტრატეგია აღმაშენებელმა“ ხმების 3.15% მიიღო, თვითმმართველობის არჩევნებზე კი შედეგი კიდევ უფრო გაუარესდა, როცა მხარდაჭერამ 1.34% შეადგინა, სერგო ჩიხლაძემ აღნიშნა, რომ ამას ახლა ვერ იტყვის, რადგან არჩევნები ერთი წლის შემდეგ არის.
„მარტო მონაწილეობის შემთხვევაში ვერ გეტყვით, თქვენ ისეთ კითხვას მისვამთ, მე ვერც მჯიღის ცემას დავიწყებ, კი, 10%-ს ავიღებდით, 4%-ს, ან 5%-ს. იმიტომ, რომ არჩევნები არის ერთი წლის მერე და წინასწარ როგორ გითხრათ, რამდენ პროცენტ შედეგს ვაჩვენებთ?“ – განაცხადა ჩიხლაძემ.
სერგო ჩიხლაძემ ასევე განაცხადა, რომ გიორგი ვაშაძის პრემიერობის საკითხზე, ან იმაზე, თუ ვინ ჩაიბარებს კონკრეტულ პორტფელებს, კონსულტაციები ჯერ არ მიმდინარეობს და ეს საკითხი რეალურად არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე, მომდევნო წლის ივლის-აგვისტოში დადგება.
თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, არის თუ არა პლატფორმის გეგმებში გიორგი მარგველაშვილის შემოერთებაც, სერგო ჩიხლაძემ განაცხადა, რომ გიორგი მარგველაშვილი ნებისმიერი ოპოზიციური პლატფორმისთვის ღირებული ფიგურა იქნებოდა, თუმცა მასთან ოფიციალური მოლაპარაკებები ამწუთას არ მიმდინარეობს.
„გიორგი მარგველაშვილი არის ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი, არის საკმაოდ წონადი პოლიტიკოსი, მას აქვს საკმაოდ კარგი კონტაქტები საზღვარგარეთაც და ქვეყნის შიგნითაც, პრეზიდენტობის პერიოდში ის არცერთ კორუფციულ სკანდალში ან რაღაცაში არ გახვეულა, სუფთა წარსულის ადამიანია და ვფიქრობ, ნებისმიერი ოპოზიციური პლატფორმისთვის ის ღირებული ფიგურა იქნებოდა“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.