სერგო ჩიხლაძე - „გირჩის“ საკითხებიდან უდიდესი ნაწილი ხუთპუნქტიან გეგმაში არ შედის, ამიტომ ჩვენ მათ პოზიციას არ ვეთანხმებით
ჩვენი ერთადერთი რესურსი დასავლელი პარტნიორების სიმტკიცეა, რომ „ქართული ოცნება“ მოლაპარაკებების სივრცეში დააბრუნონ. მოლაპარაკებების გაგრძელების შემდეგ იქნება რესურსი და საუბარი, რომ საერთო შეთანხმებას მივაღწიოთ, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, სერგო ჩიხლაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, დასავლელ პარტნიორებთან ერთად მუშაობენ, რათა შემდეგი მოლაპარაკებისთვის კონტურები გამოიკვეთოს.
„რაც შეეხება დოკუმენტს, ასეთი დოკუმენტი ჯერჯერობით არ არსებობს, თუმცა ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან ერთად ვმუშაობთ, რომ შემდეგი მოლაპარაკების კონტურები გამოიკვეთოს. ფორმატი ჯერჯერობით უცნობია და ადეკვატური უნდა იყოს დოკუმენტიც, რომელშიც ხუთივე საკითხი ჯერ კიდევ შარლ მიშელის მიერ ხელმოწერილი, ასახული უნდა იყოს. თუ ასეთი დოკუმენტი დაიდება და ხუთივე საკითხზე იქნება გადაწყვეტა, რა თქმა უნდა, „სტრატეგია აღმაშენებელი” ამას ხელს მოაწერს. მაგრამ ის დოკუმენტი, რომელიც დღეს არსებობს, სადაც ვადამდელი არჩევნები გათვალისწინებული არ არის, სადაც პოლიტიკური პატიმრების საკითხი ძალიან ბუნდოვანია, ასეთ დოკუმენტს ხელს არავინ აწერს“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.
რაც შეეხება „გირჩის“ მიერ გამოქვეყნებულ საკითხებს, ამასთან დაკავშირებით ჩიხლაძემ განაცხადა, რომ მათ აქვთ უფლება, რაც სურთ, ის მოითხოვონ.
მისივე თქმით, „გირჩის“ მიერ ჩამოწერილი საკითხები მიშელის ხუთპუნქტიან გეგმაში არ შედის, რის გამოც მათ პოზიციას „სტრატეგია აღამაშენებელი“ ვერ დაეთანხმება.
„ესაა მათი პოზიცია, თავისუფალი პოლიტიკური ძალაა, რაც უნდათ ის მოითხოვონ. ამ ჩამონათვალიდან უდიდესი ნაწილი საერთოდ არ შედის ხუთპუნქტიან გეგმაში. აქედან გამომდინარე ,,სტრატეგია აღმაშენებელი” მათ პოზიციას არ ვეთანხმებით. რაცაა ჩამოთვლილი, მაგალითად, შერიფების არჩევა, ბუნებრივი ბარიერი და ა.შ. ნაწილ-ნაწილ სხვადასხვა მემორანდუმში ჩვენც გვაქვს ნახსენები და, სხვათა შორის, სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის უმეტესობა, რომლებიც ბოიკოტის რეჟიმში არიან, ეთანხმება იგივე სასამართლო რეფორმას. უბრალოდ, ეს არაა ის საკითხები, რომლებიც ამ შემთხვევაში განიხილება. ვფიქრობ, აცდენილია, მაგრამ ეს მათი პოზიციაა“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.
„გირჩმა“ შვიდი საკითხი დაასახელა და განაცხადა, რომ მათგან თუნდაც ერთ-ერთის სრულყოფილად გადაწყვეტის შემთხვევაში, საპარლამენტო ბოიკოტს შეწყვეტს.