„გირჩი“ შვიდ საკითხს ასახელებს და აცხადებს, რომ მათგან თუნდაც ერთ-ერთის სრულყოფილად გადაწყვეტის შემთხვევაში, საპარლამენტო ბოიკოტს შეწყვეტს
„გირჩი“ შვიდ საკითხს ასახელებს და აცხადებს, რომ მათგან თუნდაც ერთ-ერთის სრულყოფილად გადაწყვეტის შემთხვევაში, საპარლამენტო ბოიკოტს შეწყვეტს

პარტია „გირჩი“ დღეს, 15:00 საათზე სამოქმედო გეგმისა და გაზეთის პრეზენტაციას გამართავს. პარტიამ გაზეთის პირველი გვერდი გამოაქვეყნა „თიზერის“ (სპოილერის) სახით, სადაც იკითხება მათი სამოქმედო გეგმა, რა შემთხვევაში შევლენ პარლამენტში.

„გირჩის გზა“ – მოქმედებს ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში;

„გირჩი“ ბოიკოტის რეჟიმს შეწყვეტს და შევა საქართველოს პარლამენტში, თუ „ქართული ოცნება“ დათანხმდება ქვემოთ ჩამოთვლილი შვიდი საკითხიდან ერთ-ერთი საკითხის სრულყოფილად გადაწყვეტას და მოწესრიგებას:

. ყველა შემდგომი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება სრულად პროპორციული სისტემით და ბუნებრივი ბარიერით;

. კერძო საშუალო განათლება (კერძო სკოლები) სრულად გათავისუფლდება სახელმწიფო რეგულირებისგან;

. რაიონული პოლიციის შერიფები აირჩევიან პირდაპირი წესით მოსახლეობის მიერ;

. პირველი ინსტანციის მოსამართლეები აირჩევიან პირდაპირი წესით ხალხის მიერ და ბრალდებულებს ექნებათ უფლება, თავად აირჩიონ, რომელი მოსამართლე გაასამართლებს მას – არჩეული თუ დანიშნული;

. ქვეყანაში დაშვებული იქნება მულტისავალუტო რეჟიმი;

. რესტიტუცია – ოპოზიციასთან შეთანხმებული პუნქტების შესაბამისად;

. მოხდება მარიხუანას სრული ლეგალიზაცია;

თუ მეათე მოწვევის პარლამენტი შეძლებს ჩამოთვლილთაგან რომელიმე ცვლილების სრულფასოვნად განხორციელებას, „გირჩი“ ამ პარლამენტში შევა და მიიღებს მონაწილეობას ამ რეფორმათა განხორციელებაში. ხოლო თუ მმართველი პარტიის წევრებს, პარლამენტში მარტო დარჩენილთაც კი არ უნდათ არც ერთ მნიშვნელოვან საკითხზე ძალაუფლების სხვისთვის, თუნდაც მცირედით, მაგრამ რეალური გადანაწილება მოხდეს – ეს გარემოება ჩვენთვის 3-4 ადამიანისგან შემდგარი ფრაქციისთვის, პარლამენტს უინტერესოს ხდის, რადგან გასაგებია, რომ მმართველ პარტიას ძალიან უცნაურად ესმის პარლამენტარიზმის მნიშვნელობა, ხოლო ჩვენ, ჩვენი მცირე ძალებით, დანარჩენი ოპოზიციის გარეშე ამ ფაქტს ვერ შევცვლით. ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციამ ვერ დაადასტურა არჩევნების გაყალბების ფაქტი, გვიწევს ბოიკოტის რეჟიმში დარჩენა. თუმცა, ჩვენი ბოიკოტი განსხვავებული იქნება ჩვენი კოლეგების ბოიკოტისგან.

. ჩვენ არ ავიღებთ არც ხელფასს და არც პარტიულ დაფინანსებას ბიუჯეტიდან;

. არ დავესწრებით და არ მივიღებთ მონაწილეობას საპარლამენტო სესიებში, არც კომისიებში ან საკომიტეტო სხდომებში;

. არ მივიღებთ მონაწილეობას არც ერთ მივლინებაში, არც ერთ საერთაშორისო ვიზიტში და არ განვახორციელებთ არც ერთ პროცედურულ საქმიანობას, რაც პარლამენტის რეგლამენტით არის გათვალისწინებული, თუმცა საქართველოს პარლამენტის წევრის კანონმდებლობით გათვალისწინებული პრივილეგიებიდან გამოვიყენებთ: პარლამენტის წევრის იმუნიტეტს, იარაღის ტარების უფლებას (გვინდა ეს უფლება ჰქონდეს საქართველოს ყველა მოქალაქეს), პარლამენტის შენობას, პრესბანერთან დგომისა და სიმართლის ლაპარაკის უფლებას.

. ჩვენ პარლამენტში ჩამოთვლილი საკითხების მოსაწესრიგებლად შევდიოდით. სწორედ ამ მიზნით ვურთიერთობდით მთელი წელი ოპოზიციასთან, რათა მათი დახმარებით მიგვეღწია ჩვენი მიზნებისთვის. იგივეს გაგრძელებას ვეცდებით „ქართული ოცნების“ დეპუტატებთან, პარლამენტის დერეფნებში და თუ მეათე მოწვევის პარლამენტს აღმოაჩნდება ამ ფუნდამენტური საკითხებიდან ერთ-ერთის სრულყოფილად გადაწყვეტის უნარი მაინც, ჩვენ ჩავთვლით, რომ პარლამენტი შედგა და ჩვენ მონაწილეობას მივიღებთ მის საქმიანობაში“, – აღნიშნულია პარტიის მიერ გავრცელებული გეგმის „თიზერში“.

დატოვე კომენტარი