სერგო ჩიხლაძე - ნინო ლომჯარიამ გიორგი ვაშაძეზე პოსტი წაშალა, მეორე პოსტში თქვა, რომ ყველაფერზე პასუხისმგებელია ხელისუფლება
სერგო ჩიხლაძე - ნინო ლომჯარიამ გიორგი ვაშაძეზე პოსტი წაშალა, მეორე პოსტში თქვა, რომ ყველაფერზე პასუხისმგებელია ხელისუფლება

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის, სერგო ჩიხლაძის განცხადებით, „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტის გაწვევის თობაზე მოთხოვნა ნაწილობრივ შესრულებულია და ახლა შესასრულებელია დაკავებულთა გათავისუფლების მოთხოვნა.

„მოთხოვნა იყო აბსოლუტურად სამართლიანი, რომლის პასუხია „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება. ორი მოთხოვნა იყო – კანონპროექტის გაუქმება და დაკავებულთა გათავისუფლება. ერთი ნაწილობრივ შესრულებულია და ეს არის ათიათასობით ახალგაზრდის დამსახურება, რომლებიც გუშინ ქუჩაში გამოვიდნენ. მეორე შესასრულებელია“, – აღნიშნა სერგო ჩიხლაძემ.

რაც შეეხება გიორგი ვაშაძესთან დაკავშირებით ნინო ლომჯარიას განცხადებას, სადაც ვაშაძეს რეჟიმის მოკავშირე უწოდა, ჩიხლაძის თქმით, ნინო ლომჯარიამ ეს პოსტი წაშალა, მეორე პოსტში კი თქვა, რომ ყველაფერზე პასუხისმგებელია ხელისუფლება.

„რაც შეეხება შუშების ჩამტვრევას, სამწუხაროდ, ასეთი დიდი აქციების დროს უკონტროლო ჯგუფებია, რომლებიც ამას აკეთებენ. ჩვენ ვნახეთ, რომ გიორგი ვაშაძე თავად მივიდა და ახალგაზრდები დამტვრეული შუშებიდან გამოჰყავდა. ვერ ვხვდები, რაზეა პრობლემა. ნინო ლომჯარიამ პოსტი წაშალა, შეგიძლიათ, გადაამოწმოთ. მან მეორე პოსტში თქვა, რომ ყველაფერზე პასუხისმგებელია ხელისუფლება. პროტესტის მიღებული ფორმაა, როცა ხდება სიმბოლურად შენობის გარშემო ჯაჭვის გაკეთება. 8 მარტის შეთანხმებას წინ უსწრებდა გაცილებით ნაკლები ხალხი და ნაკლები პროტესტი, მაგრამ პიკეტირება იყო პარლამენტის შესასვლელთან, რამაც მაშინ ხელისუფლების უკან დახევა გამოიწვია. ჯაჭვი, მშვიდობიანი პროტესტი კონსტიტუციურად დაშვებულია“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

ყოფილმა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „მისი აზრით, გიორგი ვაშაძე რეჟიმის მოკავშირეა“.