სერგო ჩიხლაძე - ევროპარლამენტარებს არ უთქვამთ, მაინცდამაინც „ქართული ოცნების“ შერჩეულ საკითხებზე იმუშავეთო, ჩვენი ფორმატი 12-ვე საკითხზე ინკლუზიურ მუშაობას გულისხმობს
„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის, სერგო ჩიხლაძის განცხადებით, ოპოზიციის ნაწილი, რომელსაც პარალელური სამუშაო ჯგუფი აქვს, ევროკავშირის რეკომენდაციებთან დაკავშირებით შეიმუშავებს პაკეტს, რომელიც შემდეგ დაინიცირდება პარლამენტში.
მისივე თქმით, მათ მიერ არჩეული ფორმატი 12-ვე საკითხზე ინკლუზიურ მუშაობას გულისხმობს.
„ევროპარლამენტარებს არ უთქვამთ, რომ მაინცდამაინც „ქართული ოცნების“ შერჩეულ საკითხებზე იმუშავეთო. ევროპარლამენტარებმა გვითხრეს, 12-ვე საკითხზე იმუშავეთო და ჩვენი ფორმატი საპარლამენტო ოპოზიციის, არასამთავრობოების გულისხმობს ზუსტად 12-ვე საკითხზე ინკლუზიურ მუშაობას. „ქართულმა ოცნებამ“ უკვე დააანონსა, რომ არ იმუშავებს ძირითად საკითხებზე, როგორიცაა საკონსტიტუციო ცვლილებები, 19 აპრილის შეთანხმება, სასამართლო რეფორმა, დეოლიგარქიზაცია. ამაზე თუ არ მუშაობს, აბა, რაზე მუშაობს და ვისთან უნდა დავსხდეთ? მხოლოდ რაღაც სანახაობისთვის უნდა დავსხდეთ მმართველ პარტიასთან? ამიტომ შედეგი იქნება ის, რომ 12-ვე პუნქტზე, 12-ივე რეკომენდაციაზე დაიდება ყოვლისმომცველი პაკეტი, რომელიც იქნება მოწონებული ჩვენი ევროკავშირელი მეგობრების მიერ, იქნება მოწონებული საზოგადოების მიერ. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენი შემუშავებულიც და მათი შემუშავებულიც გავა და დაინიცირდება პარლამენტში და გავა საშემოდგომო სესიაზე. ასე რომ, საზოგადოება დაინახავს განსხვავებას, იქნება არჩევანის საშუალება“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.
რაც შეეხება სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფში ოპოზიციის ნაწილის, მათ შორის „სტრატეგია აღმაშენებლის“ არმონაწილეობას, საკითხზე საუბრისას სერგო ჩიხლაძემ აღნიშნა, ფასადურ შეხვედრებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ.
„სტრატეგია აღმაშენებლის“, არც სხვა ოპოზიციური ჯგუფები, ძირითადი ჯგუფები არ დაესწრება, რადგან პროფანაციაში და რაღაც ფასადურ შეხვედრებში მონაწილეობას ვერ მივიღებთ. პირველმა შეხვედრამ ანახა, რომ ისინი არ არიან მომართული სასამართლო რეფორმის რეალურად ჩასატარებლად. მათ თქვეს პირველივე შეხვედრაზე, რომ სასამართლოში ყველაფერი ნორმალურადაა, რომ სასამართლო სისტემით ევროკავშირის ქვეყნებზე უკეთესი მდგომარეობა გვაქვს და ერთადერთი ჩავარდნა, რაზეც უნდა იმუშაონ, თურმე არის მოსამართლეთა გადატვირთულობა და რაოდენობა. ასეთ ფარსში შეხვედრა უბრალოდ შეურაცხყოფა იქნება საზოგადოების, ხალხის, ამომრჩევლის და საკუთარი თავის“, – განაცხადა ჩიხლაძემ.