სერგო ჩიხლაძე აცხადებს, რომ ოპოზიციაში ერთობისა და კოორდინაციის მიღწევის რესურსს ხედავს
ხაბეიშვილის გამარჯვება რა შუაშია, ის ორი დღის წინ აირჩიეს და ჩვენ ექვსი თვეა, მუდმივად ვსაუბრობთ ოპოზიციური ერთობის შექმნაზე, – ასე უპასუხა „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, სერგო ჩიხლაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემის „დღის თემა“ წამყვანის შეკითხვას, რატომ გააქტიურდა ლევან ხაბეიშვილის გამარჯვების შემდეგ ოპოზიციური ერთობის შექმნის საკითხი, რაზეც „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი მუდმივად საუბრობს და გამოიკვეთა თუ არა ახლა ამ ერთობის შექმნის მეტი პერსპექტივა, რადგან ფაქტია, ნიკა მელიას თავმჯდომარეობის დროს ეს ვერ მოხერხდა და ამასთან, „სტრატეგია აღმაშენებლის“, ელენე ხოშტარიას და ზურა ჯაფარიძის ალიანსის შექმნა მელიამ არასერიოზულად შეაფასა და იქ ყოფნა გამორიცხა.
„სიმართლე გითხრათ, „ნაციონალური მოძრაობის“ ახალი თავმჯდომარის პოზიცია არ ვიცი ამასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ჩიხლაძემ.
მისი თქმით, 24 თებერვლის საინიციატივო ჯგუფი 24 თებერვლის აქციის ორგანიზებით არის დაკავებული, არის ყოველდღიური შეხვედრები და იგეგმება საჯარო კამპანიები.
„ეს არის ახლა ჩვენი საქმიანობის, ასე ვთქვათ, სფერო და ამასთან მიმართებაში, რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება, მეტი ადამიანი ჩაერთოს ამ აქციაში“, – განაცხადა ჩიხლაძემ.
თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, რა პროცესების განვითარებას ელოდება ლევან ხაბეიშვილის გამარჯვების შემდეგ და რას შეცვლის ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის მენეჯმენტში მომხდარი ცვლილება, სერგო ჩიხლაძემ განაცხადა, რომ არ იცის, რა ცვლილებები მოხდება „ნაციონალური მოძრაობის“ მენეჯმენტში.
სერგო ჩიხლაძემ ასევე აღნიშნა, რომ ოპოზიციაში ერთობისა და კოორდინაციის მიღწევის რესურსს ხედავს.
შეკითხვაზე, რა შემთხვევაში შეუერთდება „სტრატეგია აღმაშენებელი“ საპარლამენტო ბოიკოტის ინიციატივას, რაც „ნაციონალური მოძრაობაში“ ახალი თავმჯდომარის არჩევის შემდეგ კვლავ გააქტიურდა და რა შემთხვევაში დატოვებს საკანონმდებლო ორგანოს „სტრატეგია აღმაშენებელი“, სერგო ჩიხლაძემ განაცხადა, რომ ჯერჯერობით, საკითხი ასე არ დგას.
„არც გიორგი ვაშაძეს, არც პაატა მანჯგალაძეს და ჩვენი გუნდიდან არც სხვას არ უჭირს, რომ საპარლამენტო მანდატს ჩაებღაუჭოს და ასე შემდეგ. ძალიან ბევრი საქმის კეთება შეიძლება მანდატის გარეშეც, მაგრამ მსგავსი სახის ბოიკოტს აზრი აქვს მაშინ, თუ პარლამენტი ერთპარტიული რჩება, მმართველ პარტიას საპარლამენტო კრიზისს უქმნი და თუ ეს რაღაც ნაბიჯების ჯაჭვის ნაწილია, დღეს რაღაცას აკეთებ, ხვალ რაღაცას, ზეგ პარლამენტიდან გამოდიხარ და ასე შემდეგ. ანუ, თუ მმართველ პარტიას საპარლამენტო კრიზისს უქმნი. თუ ასეთი განზომილება დგება, მაშინ შეიძლება, განვიხილოთ. სხვა შემთხვევაში, არის სხვა ვარიანტებიც და შეგვიძლია, ამაზეც ვისაუბროთ, მაგრამ დღეს და ხვალ ეს საკითხი არ დგას“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.