სერგი კაპანაძე - ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ „ურაპატრიოტული“, თუ „ვაიპატრიოტული“ განცხადებები შეიძლება სიტუაციის გართულების გამომწვევი იყოს
სერგი კაპანაძე - ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ „ურაპატრიოტული“, თუ „ვაიპატრიოტული“ განცხადებები შეიძლება სიტუაციის გართულების გამომწვევი იყოს

დავით გარეჯთან დაკავშირებით დღეს შექმნილი პრობლემა საქართველოს ხელისუფლების უპასუხისმგებლო განცხადებების პირდაპირი დამსახურებაა, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, სერგი კაპანაძემ განაცხადა.

ამასთან, ჟურნალისტებმა სერგი კაპანაძეს ჰკითხეს, როგორ აფასებს დავით გარეჯში 15 ეპარქიის მღვდელმსახურების ჩასვლას და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის განცხადებას, სადაც ამბობს, რომ მზად არის, დავით გარეჯის საკითხზე მოლაპარაკებებში ჩაერთოს და საკითხი გადაწყვიტოს.

„დავით გარეჯთან დაკავშირებით დღეს შექმნილი პრობლემა საქართველოს ხელისუფლების უპასუხისმგებლო განცხადებების პირდაპირი დამსახურებაა. კონკრეტულად, საქართველოს პრეზიდენტის უპასუხისმგებლო განცხადების, ისევე როგორც მოშლილი სახელმწიფოებრივი მანქანის და იმის, რომ ამ პერიოდის განმავლობაში სახელმწიფო კომისია არ მუშაობდა. ამ ყველაფერმა იქამდე მიგვიყვანა, რაც დღეს ხდება. მესმის, რომ არიან ადამიანები, რომლებსაც გულწრფელად უნდათ, წვლილი შეიტანონ და პატრიოტული მოტივებით უნდათ, რომ ეს პრობლემა საქართველოს სასარგებლოდ მოგვარდეს. ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ ხშირად ასეთი „ურაპატრიოტული“, თუ „ვაიპატრიოტული“ ქმედებები, განცხადებები, გამოსვლები და დემარშები შეიძლება სიტუაციის კიდევ უფრო გართულების გამომწვევი იყოს. მინდა, ყველას მოვუწოდო, რომ თავი შეიკავონ ისეთი ქმედებებისგან, ნაბიჯებისგან, განცხადებებისგან და ჟესტებისგან, რომელმაც შეიძლება, კიდევ გააუარესოს ეს მდგომარეობა. მთელი პასუხისმგებლობა ხელისუფლებაზეა და ახლა კეთილი ინებონ ყველა გზის გამოყენებით, მათ შორის დიპლომატიური, ეს პრობლემა საქართველოს ეროვნული ინტერესების შესაბამისად მოაგვარონ“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.