სერგი კაპანაძე - საქართველოში თუ იქნება პოლიტიკური კრიზისი, ოპოზიცია არ იქნება პარლამენტში, გენერალური მდივნის მხარდაჭერა არ იქნება საკმარისი, რათა საქართველო გახდეს ნატო-ს წევრი
თუ საქართველოში იქნება პოლიტიკური კრიზისი, ოპოზიცია არ იქნება პარლამენტში, გაყალბდება არჩევნები, თუ საქართველოში იქნება მძიმე ეკონომიკური კრიზისი, გენერალური მდივნის მხარდაჭერა არ იქნება საკმარისი, რათა საქართველო გახდეს ნატო-ს წევრი, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგი კაპანაძემ ნატო-ს გენერალური მდივნის განცხადებაზე კომენტირებისას განაცხადა.
„კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ნატო-ში გენერალური მდივნისა და ჩვენი მეგობარი ქვეყნების მხრიდან ყოველთვის არის მხარდაჭერა საქართველოს მიმართ და საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მიმართ. ჩვენ რაც პრობლემა გაქვს, არის სკეპტიკური მეგობრების დარწმუნება და მათ დასარწმუნებლად, პირველ რიგში, საჭიროა ქვეყნის შიგნით დემოკრატიის მაღალი ხარისხი, ჩვენი ქვეყნის უფრო აქტიურად ყოფნა საერთაშორისო პოლიტიკაში და რადარებზე, რაც ჩვენ არ გვაქვს. ამიტომ ამ განცხადებებს, რა თქმა უნდა, მივესალმებით, რადგან ეს ნიშნავს, რომ კონკრეტული ადამიანები, გენერალური მდივანი, როგორც ყოველთვის, მხარს უჭერს, რაც არ უნდა კრიზისი იყოს ქვეყნის შიგნით, მაგრამ ჩვენ თვითონ კარგად უნდა გვესმოდეს, თუ საქართველოში იქნება პოლიტიკური კრიზისი, ოპოზიცია არ იქნება პარლამენტში, გაყალბდება არჩევნები, თუ საქართველოში იქნება მძიმე ეკონომიკური კრიზისი, გენერალური მდივნის მხარდაჭერა არ იქნება საკმარისი, რათა საქართველო გახდეს ნატო-ს წევრი და ისეთი ტიპის შეთანხმებები, რომელიც მინისტერიალზე მოხდა, არ იქნება ამისთვის საკმარისი“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.
მისივე თქმით, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების წინაპირობაა დემოკრატიის მაღალი ხარისხი, არჩევნებთან დაკავშირებით კითხვების არარსებობა და კრიზისების დიალოგის გზით განმუხტვა.
„ამისთვის საჭიროა, ჩვენთან იყოს დემოკრატიის მაღალი ხარისხი, არანაირი კითხვები არ არსებობდეს, არ ხდებოდეს პოლიტიკური დევნა, არჩევნებთან დაკავშირებით არ იყოს კითხვები და პოლიტიკური კრიზისები იმუხტებოდეს დიალოგისა და რაციონალური ნაბიჯების შედეგად. ეს არის წინაპირობა, რომ ქვეყანა გახდეს ნატო-ს წევრი და არა მხოლოდ ის განცხადებები, რომლებიც კეთდება ჩვენი მეგობრების მხრიდან“, – აღნიშნა სერგი კაპანაძემ.
ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ნატო-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტერიალის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ალიანსი აძლიერებს საქართველოს პრაქტიკულ და პოლიტიკურ მხარდაჭერას.