სერგი კაპანაძე - ადა მარშანია თუ კომისიას დატოვებს, ამით კომისია დიდად არ დაზარალდება
ხორავას ქუჩის საქმეზე შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე სერგი კაპანაძე ფიქრობს, რომ თუ „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი ადა მარშანია კომისიას დატოვებს, ამით კომისია დიდად არ დაზარალდება.
ჟურნალისტებთან საუბარში სერგი კაპანაძე ადა მარშანიას ულტიმატუმს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ადა მარშანიამ ვიწრო პოლიტიკური მიზნებისთვის პოლიტიკური შოუ და მასკარადი მოაწყო.
„მისი გადასაწყვეტია, იქნება თუ არა კომისიაში. ბუნებრივია, ამ კომისიის მანდატის გაფართოება არ იგეგმება. ეს მან ძალიან კარგად იცოდა, მაგრამ პოლიტიკური შოუს მოსაწყობად შესაძლებლობა მაინც გამოიყენა. თუ კომისიის შემადგენლობას დატოვებს, არ მგონია, ამით კომისია დიდად დაზარალდეს. მოიქცეს ისე, როგორც სურს“, – განაცხადა კაპანაძემ.
ადა მარშანიამ განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ დროებითი კომისიის მანდატი არ გაფართოვდება ან ახალი კომისია არ შეიქმნება წინა ხელისუფლების დროს ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებებზე, ის კომისიის მუშაობაში მონაწილეობას არ მიიღებს.
ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო პირველი კომისიის სხდომა დღეს გაიმართა.
დროებითი საგამოძიებო კომისია 6 ივნისს შეიქმნა.