სერგი კაპანაძე საქართველოს ხელისუფლებას მიმართავს, სირიასთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტოს
სერგი კაპანაძე საქართველოს ხელისუფლებას მიმართავს, სირიასთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტოს

სირიის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა დ ე.წ. სამხრეთ ოსეთს აღიარება კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ  რუსეთთან მიმართებაში ურთიერთობის შეცვლის ილუზიას არ უნდა მივეცეთ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს “ევროპული საქართველოს” წევრმა, სერგი კაპანაძემ განუცხადა.

„ვერც აბაშიძე-კარასინის ფორმატები და ვერც რაიმე მაამებლური დამოკიდებულება, რომელიც ბოლო დროს ვნახეთ საქართველოს პრემიერის მხრიდან, ვერ შეცვლის დღეს არსებულ გარემოებებს. რუსეთი არის ჩვენი მტერი და აგრძელებს ჩვენი ტერიტორიების ხელყოფას. ამას რაც მალე გაიგებენ ხელისუფლება და საქართველოს მოსახლეობა, მით უკეთესი და უფრო მომზადებულები ვიქნებით”, – განაცხადა კაპანაძემ.

მისივე თქმით, სირიის აღიარება საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით ბევრს არაფერს ცვლის, მაგრამ მაინც არსებობს კითხვები, თუ რა სამუშაო ჩაატარა საქართველოს ხელისუფლებამ.

„ყველაზე რთულ მდგომარეობაშიც კი, როცა სირიაში მართლა იყო ომი და ასადი ფიზიკურად იყო დამოკიდებული პუტინზე, მაშინ არ უღიარებია ცხინვალისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა. ამიტომ, ჩვენ კითხვები გვაქვს მთავრობასთან და ვთავაზობთ მას, საგარეო საქმეთა მინისტრს, მოვიდეს პარლამენტში დახურულ რეჟიმში. არაღიარების თემა არ შეიძლება იყოს, ღია განხილვის საგანი”, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, საქართველომ უმოკლეს ვადაში გაწყვიტოს დიპლომატიური ურთიერთობები სირიასთან, რათა ყველამ კარგად გაიგოს, რომ საქართველოს ექნება რეაქცია.

„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი დიპლომატია და სახელმწიფო რესურსები გააქტიურდეს ახლო აღმოსავლეთში, რათა მომავალი შესაძლო აღიარების პრევენცია მოხდეს”,- განაცხადა კაპანაძემ.

სირიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დღეს განაცხადა, რომ ოკუპირებული აფხაზეთი და „სამხრეთ ოსეთი“ „ აღიარა“.

„სირიის წინააღმდეგ ტერორისტული აგრესიის ფონზე ორმხრივი აღიარებით, სირიის არაბთა რესპუბლიკა და აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რესპუბლიკები შეთანხმდნენ ურთიერთაღიარების გაცვლაზე, სირიისა და აფხაზეთს, სირიისა და სამხრეთ ოსეთს შორის ურთიერთობების დამყარებაზე. დიპლომატიური ურთიერთობები მყარდება საელჩოების დონეზე“, – აღნიშნულია განცხადებაში.