სერგი კაპანაძე - ოპოზიციის სტრატეგიაა, შემდეგ არჩევნებში ხელისუფლება არსებული მოდელით გავანადგუროთ
გიგი უგულავას დაპატიმრება სუსტი პოლიტიკოსისა და ადამიანის გადაწყვეტილებაა, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგი კაპანაძემ განაცხადა.
სერგი კაპანაძის თქმით, გიგი უგულავას დაკავების შემდეგ შეუძლებელია, საარჩევნო საკითხებზე ხელისუფლებასთან დიალოგი. აქედან გამომდინარე, ოპოზიციის სტრატეგიაა, შემდეგ არჩევნებში ხელისუფლება არსებული მოდელით დაამარცხოს.
„ივანიშვილის გუშინდელი გადაწყვეტილება, რომ უგულავა დაეჭირა და მისი პოლიტიკური პროცესებისგან იზოლირება მოეხდინა, არის სუსტი პოლიტიკოსის და ადამიანის გადაწყვეტილება. მას ჰგონია, რომ ამით ოპოზიცია დაასუსტა, მაგრამ რეალურად ეს ასე არ არის.
ჩვენ, რა თქმა უნდა, ამის მერე ვერ ვხედავთ ვერანაირ აზრს, ხელისუფლებასთან საარჩევნო სისტემაზე მოლაპარაკებები გავაგრძელოთ, რადგან შეუძლებელია, ერთი მხრივ, ელაპარაკო ოპონენტს და მეორე მხრივ, ასეთ ნაბიჯებს დგამდეს. სწორედ ამიტომ ეს მოლაპარაკებები არის შეჩერებული. ჩვენ გადავალთ ახალ სამოქმედო სტრატეგიაზე. საბოლოოდ, ამ სამოქმედო სტრატეგიის მთავარი ამოცანა იქნება, რომ შემდეგ არჩევნებში იმ მოდელით, რომელიც დღეს გვაქვს ხელისუფლება გავანადგუროთ. ამ მოდელის მინუსი არის ის, რომ გამარჯვებული პარტია იღებს აბსოლუტურ უმრავლესობას, ოპოზიცია იქნება გამარჯვებული პარტია და მიიღებს აბსოლუტურ უმრავლესობას. პარალელურად ოპოზიცია გააგრძელებს როგორც პიკეტირებას, ისე აქციებს. იქნება დიდი დემონსტრაციაც და ყველა ის ნაბიჯი, რაც აქამდე იყო დაგეგმილი. ჩვენს ნაბიჯებში არაფერი არ შეცვლილა. გიგის დაჭერა ჩვენთვის არაფერს არ ცვლის, მომდევნო დღეებში შეიძლება, სხვა ლიდერებიც დაიჭირონ. ჩვენ გავაგრძელებთ ივანიშვილისთვის შეურიგებელ წინააღმდეგობას“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.
მიმდინარე წლის 10 თებერვალს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ თბილისის ყოფილი მერი, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა თბილისის განვითარების ფონდის საქმეზე დამნაშავედ ცნო და სამი წლითა და ორი თვით პატიმრობა მიუსაჯა. სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში შეკრებილმა ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა განაცხადეს, რომ მმართველ გუნდთან საარჩევნო სისტემაზე მოლაპარაკებები წყდება.