სერგი კაპანაძე - ნათლად გამოჩნდა, რომ ნინო ქადაგიძე სამართლის სადარაჯოზე ყოფნას არ აპირებს
„ევროპული საქართველოს“ წევრის სერგი კაპანაძის განცხადებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის პროცესმა აჩვენა, რომ „ქართული ოცნების“ ერთადერთი ინტერესია, „სასამართლოს კლანმა“ თავისი მდგომარეობა განიმტკიცოს და ივანიშვილის ყველა დავალება შეასრულოს.
კაპანაძის თქმით, სასამართლოში მართლაც ფუნდამენტური რეფორმაა ჩასატარებელი.
თუმცა, ოპოზიციონერი დეპუტატის შეფასებით, ნათლად გამოჩნდა, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ არჩეული ნინო ქადაგიძე არა სამართლის, არამედ ხელისუფლების სადარაჯოზე ყოფნას აპირებს.
„ეს უკვე კარგად გამოჩნდა პარლამენტში და ახლა ნინო ქადაგიძის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ გადაყვანა ამის მორიგი გამოვლინებაა.
ჩვენ მასთან გასაუბრებები კომიტეტზე გვქონდა, სადაც ძალიან ნათლად გამოჩნდა, რომ ეს ადამიანი არ აპირებს იყოს სამართლის სადარაჯოზე, არამედ იქნება მუდმივად ხელისუფლების სადარაჯოზე. მიგვაჩნია, რომ სასამართლოში მართლაც ფუნდამენტური რეფორმაა ჩასატარებელი“ ,- აღნიშნა სერგი კაპანაძემ.
ნინო ქადაგიძის კანდიდატურას დღევანდელ პლენარულ სხდომაზე უყარეს კენჭი. მას 82-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებმა, რომლებიც პოლიტიკურ ბოიკოტს აგრძელებენ.