სერგი კაპანაძე - მუქარები, რომელიც გვესმის რუსეთისგან, საქართველოს ეკონომიკაზე იქონიებს უარყოფით შედეგს მოკლევადიან პერსპექტივაში
მუქარები, რომელიც მრავლად გვესმის რუსეთისგან, რა თქმა უნდა, საქართველოს ეკონომიკაზე იქონიებს უარყოფით შედეგს მოკლევადიან პერსპექტივაში, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, სერგი კაპანაძემ განაცხადა.
როგორც სერგი კაპანაძემ განაცხადა, რამდენიმე წლის წინ საქართველო მოახერხა კიდევ უფრო დიდი ემბარგოზე გაძლება და მაშინ ბაზრების დივერსიფიკაციის გზით პრობლემა აღმოიფხვრა.
„ეს არის ის, რაზეც ჩვენ ხელისუფლებას ვაფრთხილებდით, რომ ასეთი დამოკიდებულების ზრდა რუსეთის ბაზარზე, იქნებოდა ეს ვაჭრობა, ფულადი გზავნილები, ტურიზმი თუ სხვა, ჯამში იქნებოდა პრობლემატური ჩვენი ეკონომიკისთვის. ეს სჯობს, რომ მოხდეს ახლა, ვიდრე მაშინ, როდესაც კიდევ უფრო დიდი იქნებოდა დამოკიდებულება. ვიცით, რომ რამდენიმე წლის წინ მოხერხდა, კიდევ უფრო დიდ ებრაგოზე გაძლება და მაშინ მარტივად, ბაზრების დივერსიფიკაციის გზით ეს პრობლემები აღმოფხვრა. ვერ ვხედავ, რომ რამე ტრაგიკული მოხდება, თუ რუსეთი ყველა ამ მუქარას განახორციელებს, თუმცა ყველას არ და ვერ განახორციელებს. რა თქმა უნდა, მოკლევადიანი ნეგატიური ეფექტი იქნება, მაგრამ დივერსიფიკაცია ჩვენი ვაჭრობის სხვადასხვა პარტნიორებზე არის გამოსავალი აქედან. უბრალოდ, ამას სჭირდება ეფექტური მთავრობა“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.
8 ივლისს რუსეთის სახელმწიფო დუმის საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტმა მხარი დაუჭირა ფრაქცია „ედინაია რასიას“ ინიციატივას, საქართველოდან ღვინისა და მინერალური წყლის იმპორტის შეწყვეტისა და რუსეთიდან ფულადი გადარიცხვების აკრძალვის შესახებ.
ამასთან, დუმამ მიმართა რეკომენდაციით რუსეთის პრეზიდენტს, „რათა ანტირუსული პროვოკაციების გამო, საქართველოს წინააღმდეგ სპეციალური ზომები მიიღოს“. დუმა საქართველო წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების მიღებას ითხოვს. დოკუმენტი სახელმწიფო დუმის დსთ-ს, ევრაზიული ინტეგრაციის და თანამემამულეებთან კავშირების კომიტეტმა შეიმუშავა. პროექტის განხილვა რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატაში დღეს არის დაგეგმილი.