რუსეთის დუმის კომიტეტმა საქართველოდან ღვინისა და მინერალური წყლის იმპორტის შეწყვეტის, ასევე ფულადი გადარიცხვების აკრძალვას მხარი დაუჭირა
რუსეთის დუმის კომიტეტმა საქართველოდან ღვინისა და მინერალური წყლის იმპორტის შეწყვეტის, ასევე ფულადი გადარიცხვების აკრძალვას მხარი დაუჭირა

რუსეთის სახელმწიფო დუმის საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტმა მხარი დაუჭირა ფრაქცია „ედინაია რასიას“ ინიციატივას, საქართველოდან ღვინისა და მინერალური წყლის იმპორტის შეწყვეტისა და რუსეთიდან ფულადი გადარიცხვების აკრძალვის შესახებ.

სააგენტო „ტასის“ ცნობით, ამის შესახებ ჟურნალისტებს კომიტეტის თავმჯდომარემ ლეონიდ სლუცკიმ განუცხადა.

„საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტი მხარს უჭერს სახელმწიფო დუმაში ფრაქცია „ედიანაი რასიას“ ხელმძღვანელობის მიერ გამოთქმულ ინიციატივას პროდუქციის, კერძოდ ღვინის, მინერალური წყლის იმპორტის შეზღუდვის შესახებ, ასევე ჩვენს ქვეყნებს შორის ფულადი გადარიცხვების გაყინვის შესახებ“, – განაცხადა სლუცკიმ.

დუმის წევრმა არ გამორიცხა, რომ რუსეთის აღმასრულებელი ხელისუფლება ჩამოთვლილ ზომებთან ერთად, დამატებით უფრო მკაცრ ზომებსაც მიიღებს.

„ამის გაკეთება აუცილებელია, რადგან ის, რაც „რუსთავის 2-ის“ ეთერში მოხდა, საღ აზრს, სიკეთისა და ბოროტებას ცდება და კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, ამგვარი რაღაცები აბსოლუტურად დაუშვებელია“, – განაცხადა ლეონიდ სლუცკიმ.

ამასთან, როგორც სლუცკიმ აღნიშნა, 9 ივლისს სახელმწიფო დუმა პლენარულ სხდომაზე გეგმავს, განიხილოს განცხადების პროექტი „საქართველოში ანტირუსულ ისტერიაზე“, მათ შორის გაბუნიას მონოლოგზე რეაგირების ზომების შესახებ.

„ეს საკითხი განიხილება დუმის საბჭოს სხდომაზე, დოკუმენტს მოამზადებს დსთ-ის, ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან კავშირის კომიტეტი“, – განაცხადა სლუცკიმ.