სერგი კაპანაძე - მირზა სუბელიანისა და თენგიზ კალანდიასგან საკმაოდ საინტერესო პასუხები მივიღეთ
ხორავას ქუჩაზე მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრებმა ბრალდებულები, მირზა სუბელიანი და თენგიზ კალანდია გამოკითხეს.
კომისიის თავმჯდომარის, სერგი კაპანაძის განცხადებით, გამოკითხვისას ბრალდებულებისგან მიიღეს საინტერესო პასუხები, თუმცა კაპანაძე დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს.
„საკმაოდ ბევრი დეტალი იყო, რაზეც გვქონდა საუბარი, პრაქტიკულად ყველა მიმართულებით იყო კომისიის წევრების მიერ კითხვები დასმული. რა თქმა უნდა, ძირითადი კითხვები ეხებოდა პირველ დეკემბერს განვითარებულ მოვლენებს, ასევე შემდეგ უკვე მათ მონაწილეობას ამ საქმეში, ამა თუ იმ ფორმით.
ჩვენ მივიღეთ საკმაოდ საინტერესო პასუხები, რომლის დეტალებს ახლა ბუნებრივია ვერ გავაჟღერებ გამომდინარე იქიდან, რომ ეს ყველა ინფორმაცია უნდა იყოს გაანალიზებული კომისიის მიერ და შემდეგ უნდა იყოს კონტექსტში ჩასმული. ბუნებრივია, ის ინფორმაცია, რომელიც ჩვენ მივიღეთ, იქნება გადამოწმებული. ეს ინფორმაცია იქნება შეპირისპირებული სხვა ინფორმაციებთან, რომელიც ჩვენ გვაქვს და შესაბამისი დასკვნები გაკეთდება ამის შემდეგ. ამ დასკვნებს თქვენ მოისმენთ როგორც კომისიის სხდომებზე, ისე უკვე საბოლოო დასკვნის დროს“,- განაცხადა სერგი კაპანაძემ.
მირზა სუბელიანი, რომელიც ხორავას ქუჩაზე მომხდარის ერთ-ერთი მონაწილე არასრულწლოვნის მამაა, დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის არის დაკავებული. ამ ბრალდების საქმეზე მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს მისჯილი. თენგიზ კალანდია კი, რომელიც საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმის მამაა, დანაშაულის დაფარვისთვის არის დაკავებული.