სერგი კაპანაძე - ლუგარის ლაბორატორიის თემა არის ერთ-ერთი პროპაგანდისტული საკითხი, რომელიც რუსეთის მხრიდან გააქტიურდა
ლუგარის ლაბორატორიის თემა არის ერთ-ერთი პროპაგანდისტული საკითხი, რომელიც რუსეთის მხრიდან გააქტიურდა, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა სერგი კაპანაძემ განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთის მიერ გავრცელებული განცხადებები მოკლებულია ფაქტებს.
„ყველამ კარგად იცის, რა არის ეს ლაბორატორია, არანაირი კავშირი არ აქვს არც ვირუსების წარმოებასთან და მით უმეტეს ადამიანებზე ექსპერიმენტებთან, მაგრამ რუსეთმა ასეთი გზა აირჩია. ბოლო წლების განმავლობაში, რუსეთი ყველაზე უაზრო და აბსურდულ ბრალდებებს ისვრის და შემდეგ ცდილობს, ეს თავის მოსახლეობას დააჯეროს“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 4 ოქტომბერს განაცხადა, რომ „აშშ-ი ლუგარის ლაბორატორიაში საქართველოს მცხოვრებლებზე ექსპერიმენტებს ატარებს“. რუსული მხარის მტკიცებით, ტოქსიკური ნივთიერების გამოცდის გამო, 2015 წლის დეკემბერის შემდეგ ათობით ადამიანი დაიღუპა. ეს განცხადება რუსეთის შეიარაღებული ძალების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ჯარების მეთაურმა იგორ კირილოვმა გააკეთა. ამასთან, თავდაპირველად ამ თემაზე პრესკონფერენცია მოსკოვში იგორ გიორგაძემ გამართა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებას 5 ოქტომბერს უპასუხა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ. როგორც გამყრელიძემ განაცხადა, რუსეთი აგრძელებს უსაფუძვლო დეზინფორმაციის გავრცელებას რიჩარდ ლუგარის ცენტრის მუშაობასთან დაკავშირებით.