სერგი კაპანაძე - გიორგი ვაშაძისგან არ მომისმენია განცხადება, რომ ის მზად არის საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად „ქართულ ოცნებასთან“ მოლაპარაკებაში მონაწილეობისთვის
გიორგი ვაშაძისგან არ მომისმენია, რომ ის მზად არის, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად „ქართულ ოცნებასთან“ მოლაპარაკებაში მონაწილეობისთვის, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, სერგი კაპანაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მისივე თქმით, ამ განცხადებაში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი ალბათ სხვა რაღაცას გულისხმობდა. როგორც კაპანაძემ განაცხადა, არჩევნები არის არალეგიტიმური და „ევროპული საქართველო“ ახალი არჩევნების დანიშვნას ითხოვს.
„ჩვენი პოზიციაა, რომ ეს არჩევნები არის არალეგიტიმური და უნდა იყოს დანიშნული ახალი არჩევნები. ეს არის ყველა ოპოზიციური პარტიის პოზიცია. თქვენ რასაც ამბობთ, „სტრატეგია აღმაშენებელიო“, ალბათ სხვა რაღაცას გულისმხობდნენ. ჩვენი ამოცანა ახლა არის ვადამდელი არჩევნები და თავიდან დანიშვნის მიღწევა, ოღონდ კონკრეტული პირობებით, რომ ასეთი ტიპის გაყალბებები იყოს გამორიცხული. ეს არის ჩვენი პოზიცია და ამას არ გადავალთ. რა ინტერპრეტაციას აძლევთ გიორგი ვაშაძის სიტყვებს, არ ვიცი. მისგან ასეთი განცხადება არ მომისმენია“,- განაცხადა სერგი კაპანაძემ.
პარტია „სტრატეგია აღმაშენებელის“ თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა, რომ ის და მისი პარტია მზად არის, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, „ქართულ ოცნებასთან“ მოლაპარაკებაში მონაწილეობისთვის.
„დიპლომატიურ კორპუსთან ინტენსიური საუბრები გვაქვს. ისინიც ფიქრობენ, რომ გარკვეული მოდელი, ფორმატი შესაქმნელია უკვე, რომელიც ამ ჩიხიდან გამოიყვანს ქვეყანას“,- აცხადებს ვაშაძე.