გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ მზად არის, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად „ქართულ ოცნებასთან“ მოლაპარაკებაში მონაწილეობისთვის

პარტია „სტრატეგია აღმაშენებელის“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ ის და მისი პარტია მზად არის, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, „ქართულ ოცნებასთან“ მოლაპარაკებაში მონაწილეობისთვის. ამის შესახებ ვაშაძემ „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა.

„რუსთავი 2“-ის წამყვანმა ვაშაძეს ჰკითხა – ერთხელ უკვე საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით მოხერხდა კონსენსუსის პოვნა და სწორედ 2020-ის არჩევნების მოდელი საერთაშორისო პარტნიორების მაგიდასთან შედგა, იგივე მოდელი შეიძლება ვიხილოთ, ვაშაძე პასუხობს:

„რატომაც არა, სხვა რესურსი, ნებისმიერი მოლაპარაკების მექანიზმის არ არსებობს“.

კითხვაზე, მზად არის თუ არა „სტრატეგია აღმაშენებლი“ დასხდეს საერთაშორისო პარტნიორების მედიაციით „ქართულ ოცნებასთან“ მოლაპარაკების მაგიდაზე, ვაშაძე ამბობს:

„ჩვენ ამაზე ოპოზიციაში საერთო ჯამში ჩამოვყალიბდებით, სავარაუდოდ ეს მექანიზმი შესაძლებელია, მოხდეს. სხვა გამოსავალი არც არის, პირდაპირ რომ ვთქვათ. დიპლომატიურ კორპუსთან ინტენსიური საუბრები გვაქვს. ისინიც ფიქრობენ, რომ გარკვეული მოდელი, ფორმატი შესაქმნელია უკვე, რომელიც ამ ჩიხიდან გამოიყვანს ქვეყანას“,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.