სერგეი ლავროვი - რუსეთი მზადაა უკრაინასთან მოლაპარაკებისთვის, მაგრამ ადგილზე არსებული რეალობისა და რუსეთის უსაფრთხოების ინტერესების გათვალისწინებით
რუსეთი მზადაა უკრაინასთან მოლაპარაკებისთვის, მაგრამ ადგილზე არსებული რეალობისა და რუსეთის უსაფრთხოების ინტერესების გათვალისწინებით, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა „ტასთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„ჩვენი პოზიცია ძალაში რჩება: მზად ვართ მოლაპარაკებისთვის, მაგრამ იმ რეალობის და ჩვენი პოზიციის გათვალისწინებით, რომელიც ყველასთვის კარგად არის ცნობილი. ჩვენი ინტერესების, ჩვენი უსაფრთხოების ინტერესების გათვალისწინებით. ნაცისტურმა რეჟიმმა ღიად გამოაცხადა მიზნად ყველაფერი რუსულის მოსპობა იმ მიწებზე, სადაც საუკუნეებია, რუსი ხალხი ცხოვრობს“, – განაცხადა ლავროვმა.
მანამდე, სერგეი ლავროვი აცხადებდა, რომ რაც უფრო დიდხანს აჭიანურებს კიევი მოსკოვთან მოლაპარაკებებს, მით უფრო რთული იქნება მოლაპარაკება. მისი თქმით, ასეთი კონტაქტებისთვის პირველი ნაბიჯი უნდა იყოს უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმერ ზელენსკის განკარგულების გაუქმება მოსკოვთან დიალოგის აკრძალვის შესახებ.