სერგეი ლავროვი - აშშ-მა ყველა მხრიდან ალყაში მოგვაქცია სამხედრო ბაზებით, მუდმივად ძაბავს სიტუაციას
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის თქმით, აშშ-მა სამხედრო ბაზების ალყაში მოაქცია რუსეთი და მის საზღვრებთან სიტუაციას ძაბავს. როგორც რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ამტკიცებს, „აშშ ბრალს სდებს რუსეთს საკუთარ ტერიტორიაზე სამხედრო წვრთნების ჩატარებაში და თავად აშშ ახდენს რუსეთის საზღვრებთან სამხედროების მობილიზებას.“
„აშშ-მა ყველა მხრიდან ალყაში მოგვაქცია სამხედრო ბაზებით, მუდმივად ძაბავს სიტუაციას“, – განაცხადა ლავროვმა.
შეგახსენებთ, აშშ-მა არაერთხელ გამოთქვა შეშფოთება რუსეთის მიერ უკრაინის საზღვრებთან შეიარაღებული ძალის მობილიზების გამო. ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა მოსკოვს მოუწოდა, სამხედრო წვრთნების დროს მეტი გამჭვირვალობა გამოიჩინოს და სიტუაციის განმუხტვას შეუწყოს ხელი.