92 წლის ეტენბორო დღემდე BBC-ზე მოღვაწეობს და გადაღებული აქვს არაერთი დოკუმენტური ფილმი ჩვენი პლანეტის ფლორისა და ფაუნის შესახებ. BBC-ზე ჩატარებული ეროვნული სახალხო გამოკითხვებით, იგი შესულია ყველა დროის 100 უდიდესი ბრიტანელის სიაში.
პოლონეთის ქალაქ კატოვიცეში, გაერო-ს კლიმატის ცვლილების 24-ე კონფერენციის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას, ეტენბორომ დელეგატებსა და გადაწყვეტილების მიმღებ პირებს სთხოვა, უსმინონ მათ, ვისაც ისინი წარმოადგენენ, იქამდე, ვიდრე მოქმედების დრო კიდევ არის.
„სწორედ ახლა, ვიმყოფებით ადამიანების მიერ გამოწვეული გლობალური მასშტაბის კატასტროფის პირისპირ. ეს ჩვენ წინაშე მდგარი ათასწლეულების უდიდესი საფრთხეა. თუ არაფერს ვიღონებთ, კარს არის მომდგარი ჩვენი ცივილიზაციის კოლაფსი და ბუნებრივი გარემოს უდიდესი ნაწილის გადაშენება“, — აღნიშნა ეტენბორომ.
გაერო-ს კლიმატის ცვლილების 24-ე კონფერენციის ფარგლებში, ეტენბორო წარმოდგენილი იყო ე. წ. ხალხის სკამის სტატუსით — ეს გახლავთ იმ მილიარდობით ადამიანის ხმა, რომელიც კონფერენციას არ ესწრება, მაგრამ მათი არსებობა დამოკიდებულია სამიტზე წარმოდგენილ დელეგატთა გადაწყვეტილებებზე.
კონფერენციაზე უჩვენეს სპეციალურ ჰეშტეგ #TakeYourSeat-ზე თავმოყრილი რიგითი ადამიანების ვიდეოები, რომლებშიც ისინი თავიანთ მოსაზრებებსა და შიშებს აღწერენ კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით, პარალელურად, მსოფლიო ლიდერებს მოქმედებისკენ მოუწოდებენ.
„თქვენ გესმით მსოფლიოს ხალხის ხმა. მათი მესიჯი ნათელია. დრო იწურება. მათ სურთ, რომ ახლავე, დაუყოვნებლივ იმოქმედოთ თქვენ, გადაწყვეტილების მიმღებმა პირებმა. მსოფლიოს ლიდერებო, ჩვენი ცივილიზაციისა და ბუნებრივი გარემოს არსებობა ახლა თქვენ ხელთაა“, — აღნიშნა ეტენბორომ.
იგივე გზავნილი გაიმეორა გაეროს-გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერეშმაც, რომელმაც 150 ქვეყნიდან შეკრებილ დელეგატებს უთხრა, რომ მსოფლიო საკმარის ძალისხმევას არ იჩენს სათბური გაზების გამოყოფის წინააღმდეგ. გუტიერეშმა მათ პარიზის შეთანხმების ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდა, რომლისგან თავის არიდებასაც მრავალი ქვეყანა ცდილობს.
„აშკარაა, რომ არასწორი გზით მივდივართ. საჭიროა მეტი მოქმედება. დაუსრულებელი მოლაპარაკებებისთვის დრო აღარ არის. მოდი, სათანადოდ მოვეკიდოთ ამ გამოწვევას და შევასრულოთ ის სამუშაო, რასაც მსოფლიო ჩვენგან ითხოვს“, — განაცხადა გუტიერეშმა.