სეოკ - სამწუხაროა, რომ ინციდენტის გამო, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა ნიკოლოზ ბასილაშვილის პიროვნული რეპუტაცია, ვგმობთ ყოველგვარ ძალადობას, მოვუწოდებთ ყველა მხარეს, დაიცვან უდანაშაულობის პრეზუმფცია
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის ირგვლივ განვითარებული მოვლენების გამო მწუხარებას გამოთქვამს. ამის შესახებ სეოკ-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ყოველგვარ ძალადობას გმობენ და ყველა მხარეს მოუწოდებენ, დაიცვან უდანაშაულობის პრეზუმფცია.
„საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი წუხილს გამოთქვამს ცნობილი ქართველი ჩოგბურთელის ნიკოლოზ ბასილაშვილის ირგვლივ განვითარებული ამბების გამო. ჩვენ მას ვიცნობთ, როგორც ნიჭიერ სპორტსმენს, შრომისმოყვარე, მშვიდ და გაწონასწორებულ პიროვნებას, რომელმაც სწორედ სპორტული დისციპლინის, დიდი შრომისა და თავდადების ფასად შეძლო, მნიშვნელოვანი გამარჯვებები მოეპოვებინა ქართული სპორტისთვის, მონაწილეობა მიეღო 2016 წლის ოლიმპიურ თამაშებში.
სამწუხაროა, რომ ამ დღეებში მომხდარი ინციდენტის გამო, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა ნიკოლოზ ბასილაშვილის პიროვნული რეპუტაცია.
ჩვენ, რა თქმა უნდა, ვგმობთ ყოველგვარ ძალადობას, მაგრამ ამავე დროს მოვუწოდებთ ყველა მხარეს, დაიცვან უდანაშაულობის პრეზუმფცია და სასამართლო განაჩენის დადგომამდე თავი შეიკავონ დაუსაბუთებელი ბრალდებებისგან“, – ნათქვამია სეოკ-ის განცხადებაში.
ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი 22 მაისს დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, 21 მაისს თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. სასამართლომ ბასილაშვილს აღკვეთის სახით გირაო შეუფარდა.