სენატორები საქართველოსა და უკრაინასთან დაკავშირებით ჯო ბაიდენს მიმართავენ - აშშ-მა უნდა გამოიჩინოს სიმამაცე და უარი თქვას პუტინის მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე
ამერიკელი სენატორები ნატო-რუსეთის საბჭოს შეხვედრის წინ აშშ-ის პრეზიდენტს ღია წერილით მიმართავენ და ორპარტიულ მხარდაჭერას უცხადებენ აღმოსავლეთ ევროპელი მოკავშირეების და პარტნიორების თავისუფლებასა და უსაფრთხოებას. ამერიკელი კანონმდებლები აცხადებენ, რომ უკრაინის საზღვრებთან კრიზისი რუსეთმა ხელოვნურად შექმნა და ეს მიუთითებს, რომ პუტინი უარს ამბობს რუსეთის მეზობლების ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაცვაზე.
სენატორები მხარდაჭერას უცხადებენ ბაიდენის ადმინისტრაციის დიპლომატიურ ძალისხმევას, რომლითაც პუტინისთვის ცხადი უნდა გახდეს, რომ აშშ-ისა და მისი მოკავშირეებისთვის მიუღებელია უკრაინის წინააღმდეგ აგრესია და უკრაინაში შეჭრა რუსეთისთვის მძიმე შედეგების გარეშე არ ჩაივლის.
სენატორების თქმით, მათთვის მიუღებელია რუსეთის მიერ გასაჯაროებული „უსაფრთხოების გარანტიები“, რაც ნატო-ს შემდგომი გაფართოების შეწყვეტას მოიცავს.
„ეს არ გახლავთ უსაფრთხოების გარანტიები, არამედ ეს მოთხოვნები არის მცდელობა, რომ ევროპაში რუსეთის გავლენის სფეროები აღდგეს, რათა კრემლს შეეძლოს, აიძულოს და დაჩაგროს ისეთი ქვეყნები, როგორიცაა უკრაინა, საქართველო, მოლდოვა, ესტონეთი, ლატვია, ლიეტუვა, პოლონეთი და რუმინეთი, რომლებიც აშშ-ის მტკიცე მოკავშირეები და პარტნიორები გახდნენ“, – ნათქვამია სენატორების წერილში.
სენატორები აცხადებენ, რომ მხარს უჭერენ აშშ-ის მჭიდრო თანამშრომლობას, რათა პუტინის „სახიფათო პოლიტიკას ცალსახა და კოორდინირებული პასუხი გაეცეს”.
„მნიშვნელოვანია, რომ აშშ-მა აჩვენოს სიმამაცე და უარი თქვას პუტინის მიუღებელი მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე“, – აცხადებენ სენატორები.
წერილში ამერიკელი სენატორები ხაზს უსვამენ იმ პრინციპებს, რომლებსაც აშშ-ისა და რუსეთის, ასევე, ნატო-რესეთის, ეუთო-სა და რუსეთის მოლაპარაკებების წინ ორპარტიულ მხარდაჭერას უცხადებენ.
„რუსეთს არ აქვს ვეტოს უფლება ჩრდილოატალანტიკური ალიანსის გაფართოებაზე. ამას მხოლოდ ნატო-ს წევრები გადაწყვეტენ. აშშ, მისი მოკავშირეები და პარტნიორები მხარს უჭერენ პრინციპს, რომ „უკრაინის საკითხზე გადაწყვეტილება ან დისკუსია არ შედგება უკრაინის გარეშე. ეს ასევე უნდა გავრცელდეს საქართველოზეც. ნატო-ს კარი ღია რჩება იმ ევროპული ქვეყნებისთვის, რომლებიც მზად არიან და სურთ, შეასრულონ ნატო-ს წევრობის ვალდებულებები და, რომელთა წევრობასაც წვლილი შეაქვს ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებაში. ნატო-მ უნდა განიხილოს აღმოსავლეთ ფლანგზე სამხედრო წარმომადგენლობის გაზრდა, მათ შორის ბალტიისპირეთის სახელმწიფოებში, პოლონეთში, შავი ზღვის რეგიონში, რაც მოემსახურება რუსეთში აგრესიის შეკავებას.
უსაფრთხოების სფეროში დამატებითი მხარდაჭერა უკრაინისა და აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებისთვის, რომლებსაც რუსეთი ემუქრება, აუცილებელია, რათა რუსეთს სამხედრო ოპერაციებისთვის მეტი საფასურის გადახდა მოუწიოს და ჩვენმა მოკავშირეებმა ანალოგიური ნაბიჯების გადადგმა უნდა განიხილონ. აშშ-მა და მისმა მოკავშირეებმა უნდა დაუწესონ სანქციები პუტინს და მის გარემოცვას, ვიდრე რუსეთი კვლავ ემუქრება აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების უსაფრთხოებას“, – ნათქვამია სენატორების წერილში.
ამერიკელი კანონმდებლების თქმით, ისინი მხარს უჭერენ თანამშრომლობას მოკავშირეებთან, განსაკუთრებით ნატო-სა და ევროკავშირში, რათა პუტინის აგრესიულ ტაქტიკას წინააღმდეგობა გაეწიოს და ნაჩვენები იყოს ევროპაში წესებზე დამყარებული წესრიგის შენარჩუნების მიმართ აშშ-ის ერთგულება.
„სამყარო, სადაც ავტორიტარებს სჯერათ, რომ გზის გაკვლევა შეუძლიათ იძულებისა და დაშინების გზით, ემუქრება ამერიკელების უსაფრთხოებას საზღვარგარეთ და მათ კეთილდღეობას სამშობლოში“, – ამბობენ სენატორები.
წერილს ხელს აწერენ როგორც „დემოკრატი“, ისე „რესპუბლიკელი“ სენატორები: მარკო რუბიო, ჯინ შაჰინი, თომას ტილისი, კრისტოფერ კუნსი, ჯონი ერნსტი, ჯეფრი მერკლი, მაილ რაუნდსი, კორი ბუკერი და ჯონ ბარასსო.