სენაკში წარსულში ნასამართლევი პირი ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს, მისი სახლიდან ამოღებულია უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობის, მუქარის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ნარკოდანაშაულის ბრალდებით, 1983 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.ლ. სენაკში დააკავეს.
სამინისტროს ცნობით, დანაშაული სამიდან ექვს წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მეუღლეს, მისი არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. გ.ლ. მეუღლესა და ოჯახის წევრებს, მათ შორის არასრულწლოვანს, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. ასევე დადგინდა, რომ ბრალდებული, გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით მეუღლის მიმართ ფსიქოლოგიურ ძალადობას ახორციელებდა.
სამართალდამცველებმა, დაკავებულის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი – KOMBAT-ის სისტემის პისტოლეტი, მჭიდი და ვაზნები. ასევე, ნივთმტკიცების სახით ამოღებულია ნარკოტიკული საშუალება.
სასამართლომ გაიზიარა გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებები და ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 11 პრიმა-151-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით, 236-ე მუხლის მესამე ნაწილით და 273-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით გრძელდება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.