სენაკის სამხედრო ბაზაზე თავდაცვის ძალების სარდლობების იუბილე აღინიშნა
საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთისა და დასავლეთის სარდლობების დაარსებიდან ხუთი წელი გავიდა. იუბილესთან დაკავშირებით სენაკში, მეორე ქვეითი ბრიგადის სამწყობრო მოედანზე საზეიმო ცერემონიალი გაიმართა.
თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა, მისმა მოადგილემ, გენერალური შტაბის უფროსმა, ბრიგადის გენერალმა ჯონი ტატუნაშვილმა და დასავლეთის სარდალმა, ბრიგადის გენერალმა კობა გრიგოლიამ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში და სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს და მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
თავდაცვის ძალების მეთაურმა პირად შემადგენლობას სიტყვით მიმართა და სარდლობების დღე მიულოცა.
თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის ბრძანებით, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას გამოვლენილი მაღალი პროფესიონალიზმისთვის სამხედრო მოსამსახურეები საშტატო იარაღით დაჯილდოვდნენ. მათ ასევე უწყებრივი მედლები, სამახსოვრო დაფა და საპატიო სიგელები გადაეცათ.
2016 წლის პირველ აპრილს, საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით, სახმელეთო ძალების სარდლობა დასავლეთისა და აღმოსავლეთის სარდლობებად ჩამოყალიბდა.
ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.